სოზარ სუბარი - კორონავირუსის წინააღმდეგ მტერი სახელმწიფოებიც კი ერთად იბრძვიან, ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პოლიტიკური ინტერესებისთვის იცლიან
სოზარ სუბარი - კორონავირუსის წინააღმდეგ მტერი სახელმწიფოებიც კი ერთად იბრძვიან, ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პოლიტიკური ინტერესებისთვის იცლიან

მარნეულში იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთის ლიდერები, ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდნენ და ერთად ყვიროდნენ – მიშა, მიშა, – განაცხადა რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„როცა ეს ადამიანები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუ „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივთან კამათში შედიოდნენ, იმაზე კი არ ლაპარაკობდნენ, რომ კიტრის, პომიდვრის თუ სხვა რაღაცის გატანა ვერ ხდება, ან ის ფასი არ მოსწონთ, რომლითაც პროდუქტის შეფასება ხდება, არამედ იმას ამბობდნენ – შენ იქ არჩევნებში ზედმეტი ხუთი ხმა დაიწერე, რაღაც ისე არ იყოო და მხოლოდ არჩევნებზე ჰქონდათ აქცენტი“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, მარნეულში გამართული აქცია კარგად იყო ორგანიზებული.

„ისინი პირველივე წამიდან გაჩნდნენ იქ, ყველაზე მეტს სწორედ ისინი კამათობდნენ და ზოგჯერ, გაჰყვიროდნენ კიდეც. ადამიანი, რომლის გვარი არ ვიცი, ჩემ თვალწინ დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს და იქ საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ის იხსენებდა მის სოფელში არჩევნების დროს რაღაც კონკრეტულ თემას და იმუქრებოდა. ეს იყო ამ ვითარების პოლიტიკურ სპექტაკლში გადატანის მცდელობა, რაც დაუშვებელია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ადამიანებმა, განსაკუთრებით, ლიდერებმა საგანგებო მდგომარეობის წესები დაარღვიეს“, – განაცხადა სუბარმა. 

როგორც რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ეს დაუშვებელია იმ დროს, როცა საერთო მტრის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო, კაცობრიობა გაერთიანდა.

„ახლა ქვეყნებს შიგნით კი არ არის კამათი, არამედ ამ უბედურების წინააღმდეგ ერთმანეთის მტერი სახელმწიფოებიც კი ერთად იბრძვიან. ყველანი ერთიანი თამაშის წესებს ვიღებთ და ამ დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის იცლიან“, – განაცხადა სუბარმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა მოკვლევის დაწყება და შესაძლებელია თუ არა, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო ვინმეს პასუხისმგებლობა დაეკისროს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ალბათ, გამოიკვეთება, ვინ იყო ორგანიზატორი.

„ადამიანების ნაწილს მართლაც ჰქონდა პრობლემა, მაგრამ ალბათ, გამოიკვეთება, ვინ იყო ორგანიზატორი“, – განაცხადა სუბარმა.

შეკითხვაზე, გაზარდა თუ არა დღევანდელმა აქციამ რაიონში ეპიდემიოლოგიური რისკი კიდევ უფრო მეტად, იქიდან გამომდინარე, რომ აქციაზე სოციალური დისტანცირების წესები დაცული არ იყო, მარნეულსა და ბოლნისს კი „კოვიდ 19“-ით ინფიცირების ძალიან ბევრი შემთხვევა უკავშირდება და იგეგმება თუ არა მარნეულში ზომების კიდევ უფრო გამკაცრება, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ის, რაც აქციაზე ხდებოდა, ძალიან სახიფათო იყო, თუმცა, რაიონში ზომების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება.

„ზომების უფრო გამკაცრებას ნამდვილად არ ვაპირებთ. თუმცა, რაც დღეს აქციაზე ხდებოდა, ძალიან სახიფათო იყო. იმ ზომების შედეგად, რაც დროულად იქნა გატარებული, ვფიქრობ, მარნეულში ინფექციის გადაცემის ჯაჭვი გაწყდა. თუმცა, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, საჭიროა სიფრთხილე და ამ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი არის სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა სუბარმა.