სოზარ სუბარი - კოალიცია სასაცილო გახდა, ვფიქრობ, მალე მიხვდებიან, რომ აქციებით საკუთარი თავი სრულიად გამოიფიტეს
კოალიცია სასაცილო გახდა. ვხედავთ, რომ არანაირი კოალიცია არ არსებობს. ვინ დარჩა, ვინ არის „ნაცმოძრაობა“ და ვინ არა, ესეც ვერ გავარკვიეთ და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აქციებთან დაკავშირებით ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას.
როგორც სუბარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ხალხი ხედავს ამ პოლიტიკური ძალების უპერსპექტივობას და დესტრუქციულობას.
„რაც შეეხება აქციებს, პარლამენტში ეს ხალხი არ გამოდგა, არჩევნებს აგებენ, საგარეო ფრონტზე სრული წარუმატებლობა აქვთ და მხოლოდ აქციები დარჩათ. როგორც მელიამ თქვა, ამ აქციებზე თუ არ ივლიან და ირბენენ, იმდენად ცოტა არიან, რომ მათი დანახვა უკვე შეუიარაღებელი თვალით ჭირს. მგონი, მალე მიხვდებიან, რომ ამ აქციებით საკუთარი თავი სრულიად გამოიფიტეს, რადგან ხალხი ხედავს ამ პოლიტიკური ძალების უპერსპექტივობას და დესტრუქციულობას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.