სოზარ სუბარი - ხშირად გვაკრიტიკებდნენ, პოლიცია გადამეტებულ ძალას იყენებსო, კარგად ვნახეთ, როცა გერმანიაში იგივე განმეორდა, ძალიან მკაცრი მიდგომები ჰქონდა პოლიციას
სოზარ სუბარი - ხშირად გვაკრიტიკებდნენ, პოლიცია გადამეტებულ ძალას იყენებსო, კარგად ვნახეთ, როცა გერმანიაში იგივე განმეორდა, ძალიან მკაცრი მიდგომები ჰქონდა პოლიციას

კონკრეტულ საქმეებს, შეიძლება, არ ვიცნობდე, მაგრამ რასაც საჯაროდ ვუყურებდით, რამდენჯერ წაუკიდეს ცეცხლი პარლამენტის შენობას, ამტვრევდნენ ფანჯრებს და შიგნით ყრიდნენ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ცეცხლს აჩენდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პარლამენტის თავმჯდომარის ოთახს, ვიცე-სპკერების, ჩვეულებრივი თანამშრომლების ოთახებს ცეცხლი წაუკიდეს უამრავჯერ, რაც დანაშაულია ნებისმიერ ქვეყანაში. 150-მდე დაშავებული პოლიციელია, თან უმძიმესი დაზიანებები აქვთ“, – განაცხადა სუბარმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, მაგალითად, ამაღლობელის შემთხვევაში სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღება, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი გარკვეული ლავირების საშუალებას იძლევა, რაზეც გადაცემაში იაგო ხვიჩიამ ისაუბრა, სოზარ სუბარმა თქვა, რომ ეს სასამართლოს საქმეა და ვერ ჩაერევა.

„გარეგნულად რაც ჩანდა, იქ დანაშაული არ იყო ჩადენილიო, ამას ვერავინ იტყვის. სასამართლო რა მიდგომას გამოიჩენს, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგრამ მე ერთი რამ უნდა ვთქვა, როდესაც დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის, განსაკუთრებით, გერმანელები, გერმანიის ელჩი საქართველოში და ახლა რომ სტუმრად არის ჩამობრძანებული, ბატონი როთი, ხშირად გვაკრიტიკებდნენ, პოლიცია გადამეტებულ ძალას იყენებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგო, და ძალიან კარგად ვნახეთ, როცა გერმანიაში იგივე განმეორდა, ძალიან მკაცრი მიდგომები ჰქონდა პოლიციას, მიუხედავად იმისა, რომ იქ ზუსტად ათჯერ ნაკლები პოლიციელი დაშავდა. ჩვენთან – 150, იქ კი, თუ არ ვცდები, 15 თუ 20-მდე იყო მაქსიმუმ. მიუხედავად ამისა, იქ დაპატიმრებულია გაცილებით ბევრი ადამიანი, ვიდრე ჩვენთან. ჩვენთან 300 თუ 500-მდე ადამიანი იყო, რომლებიც უკვე თავისუფალი არიან და დაახლოებით 30 ადამიანია, რომლებზეც არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ მათ ჩაიდინეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული. შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს ვეკამათო და დავიფიცო ჩემი პირადი რწმენით, რომ მტკიცების სტანდარტი ისეთი მაღალი, როგორიც არის საქართველოში, რომ დამნაშავის მიმართ თუ არ არსებობს ძალიან მყარი მტკიცებულებები, განსაკუთრებით, ასეთ პოლიტიკურ საქმეებზე, შეუძლებელია, მას მიესაჯოს რამე. მტკიცების ასეთი მაღალი სტანდარტი არ არსებობს არცერთ ევროპულ ქვეყანაში, არც აშშ-ში, არც კანადაში და არც გრენლანდიაში, რომელიც ასე პოპულარულია ბოლო დღეებში. აქ, პრაქტიკულად, ხელს არ ახლებენ არავის, თუ ათასჯერ გადამოწმებული მტკიცებულებები არ არის, რომ კონკრეტულად ამ ადამიანმა მართლაც ჩაიდინა ძალიან კონკრეტული დანაშაული. ამაზე შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს დავუჯდე დებატში და დავუმტკიცო, რომ ეს ასეა. ასე რომ, თუ ვინმეს მტკიცებულება არ არის მყარი, ამის ეჭვი აქვს ვიღაცას, ის აუცილებლად გათავისუფლდება სასამართლოზე და მას არავინ სასჯელს არ მიუსჯის“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ საუბარი იმაზე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება თუ ოპოზიცია გარე ძალების იმედზე უნდა იყოს, არასწორია.

„ჩვენი მიზანი ისაა, რომ ქვეყანაში იყოს სუვერენიტეტი და გადაწყვეტილებები მიიღებოდეს საქართველოში. სწორედ აქეთკენ მივდიოდით ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ. იმავე ტრამპთან დაკავშირებით ხშირად გვეუბნებიან, ტრამპის იმედი რატომ გაქვთ, რატომ უნდა გქონდეთო, მე კი ყოველთვის ამას ვამბობდი და დღესაც ამას გავიმეორებ, რომ ტრამპი ამერიკელმა ხალხმა აირჩია თავის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესები. ეს ინტერესები ბევრ რამეში, შეიძლება, ემთხვეოდეს ჩვენს ინტერესებს და იქ, სადაც ინტერესები ემთხვევა, ეს არის ძალიან კარგი. მაგალითად, უკრაინის ომთან დაკავშირებით რომ ზეწოლა შეწყდება საქართველოზე, რომ ჩავებათ ომში, ამის იმედი მაქვს და ეს არის ძალიან კარგი; ევროპიდან არ შეწყდება, მაგრამ ამერიკიდან შეწყდება ზეწოლა, ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი გააუქმეთ სასწრაფოდო, რაც არის ძალიან კარგი და ამაში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს; ის, რომ გამჭვირვალობა არის კარგი, ამაში სრული თანხვედრა გვაქვს. USAID-ი, NED-ი, სოროსის ფონდი რასაც აკეთებდნენ საქართველოში და მსოფლიოში, ამაში ჩვენი ხედვები აბსოლუტურად თანხვედრაშია ერთმანეთთან და დარწმუნებული ვარ, იმ გიჟური პროექტების და მართლა ანტისახელმწიფოებრივი პროექტების დაფინანსება ან არ გაგრძელდება, ან თუ გაგრძელდება, ძალიან შემცირდება და ესეც არის ძალიან კარგი. მაგრამ შეიძლება იყოს თემები, სადაც ჩვენი პოზიციები ასცდება ერთმანეთს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.