სოზარ სუბარი - ხელისუფლება ვალდებულია, მხოლოდ ის ინტერესი გაატაროს, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ჩვენი პარტნიორები სრულიად საწინააღმდეგოს ითხოვენ
სოზარ სუბარი - ხელისუფლება ვალდებულია, მხოლოდ ის ინტერესი გაატაროს, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ჩვენი პარტნიორები სრულიად საწინააღმდეგოს ითხოვენ

ხელისუფლება ვალდებულია, მხოლოდ ის ინტერესი გაატაროს, რომელიც ქვეყანას სჭირდება და არავითარ შემთხვევაში – სხვა. პარტნიორები ჩვენგან ითხოვენ სრულიად საწინააღმდეგოს – გავატაროთ ის პოლიტიკა, რომელიც მათ ინტერესში შედის და რომელიც მხოლოდ რადიკალურად კი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, არამედ ქვეყნის დანგრევისა და განადგურებისკენაა მიმართული, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია სიფხიზლე და ასეთ დროს საჭიროა, ქვეყანას ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისა და სამშობლოს ინტერესს ყველაზე მაღლა დააყენებს, არ შეეშინდება ამის და უხერხულობას არ იგრძნობს.

„რამდენიმე თვის წინ, როცა ამაზე ვლაპარაკობდით, საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ ეჭვი თუ ეპარებოდა, დღეს ყველა ხედავს, რომ მართლა ბეწვის ხიდზე გავიარეთ, ქვეყანა გადავარჩინეთ განადგურებას და ეს საფრთხეები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ამოწურული. ყოველდღიურად ვხედავთ ამის დაბრუნების მცდელობებს, თუმცა იმ ინტენსივობით უკვე ვეღარ, რადგან მხილებამ, ლაპარაკმა, საზოგადოების ინფორმირებამ თავისი შედეგი გამოიღო. ეს საფრთხე არ გაქრა, მაგრამ ოდნავ მინავლდა და ისეთი აღარ არის, თუმცა ნებისმიერ წუთს არიან მზად, რომ გააღვივონ ეს საკითხი, თუ ამის შანსი ჩაუვარდებათ. ამიტომ აუცილებელია სიფხიზლე. ასეთ დროს საჭიროა, ქვეყანას ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისა და სამშობლოს ინტერესს ყველაზე მაღლა დააყენებს, ამისი არ შეეშინდება და არ იგრძნობს უხერხულობას, ვაიმე, რას იტყვიან ჩემზე სტრატეგიული თუ ნაკლებად სტრატეგიული პარტნიორებიო. ხელისუფლება ქვეყანას უნდა ემსახუროს.

ცოტა ხნის წინ ვთქვი, ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია-მეთქი და მთელი ნაცტელევიზიები და მათი იდეოლოგები იმეორებდნენ, თურმე ეს რა ვთქვი ეთერში, თურმე სუვერენიტეტი რუსული ტერმინი ყოფილა, რადგან პუტინს უხსენებია „სუვერენული დემოკრატია“. რადგან პუტინმა ახსენა ეს ორი სიტყვა, დემოკრატიაც აღარ უნდა ვთქვათ? დიახ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი უპირველეს ყოვლისა და ის დემოკრატიული ღირებულებები, რაც კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.