სოზარ სუბარი - კარგად გვახსოვს გაქცეული, მიწაზე მფორთხავი ყოფილი მთავარსარდალი, ეს იყო ეროვნული სირცხვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები ვინმეს შიშზე ნუ ლაპარაკობენ
სოზარ სუბარი - კარგად გვახსოვს გაქცეული, მიწაზე მფორთხავი ყოფილი მთავარსარდალი, ეს იყო ეროვნული სირცხვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები ვინმეს შიშზე ნუ ლაპარაკობენ

კარგად გვახსოვს გაქცეული, მიწაზე მფორთხავი ყოფილი მთავარსარდალი. ეს იყო ეროვნული სირცხვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები ვინმეს შიშზე ნუ ლაპარაკობენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, რისი უფლებაც შეიძლება, მისცეს ადამიანმა თავის თავს ომში, იმისი უფლება არ აქვს პრემიერ-მინისტრს, ქვეყნის ხელმძღვანელს.

„დღეს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლაპარაკობდა შიშზე. კარგად გვახსოვს შიში ჩვენი ყოფილი მთავარსარდლის თვალებში, კარგად გვახსოვს გაქცეული, სახეწაშლილი და მიწაზე მფორთხავი ყოფილი მთავარსარდალი. მთავარსარდალი, რომელმაც დატოვა თავისი სტუმარი, გაოგნებული რომ იყურებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სად წავიდა ეს კაციო. გვახსოვს ის მისამართი. თუ არ ახსოვს ჩვენს ოპოზიციას, შევახსენებთ, ეს იყო შიდა ქართლში, გორში, ომის ადგილას. ეს იყო მეჯვრისხევის ქუჩა. არასდროს არ ამოვა ეს ჩვენი თვალებიდან, რადგან ეროვნული სირცხვილი იყო, რაც იქ ხდებოდა. ეს ადამიანები ვინმეს შიშზე ნუ ლაპარაკობენ.

ფრიდონ ინჯია ლაპარაკობდა იმ უბედურებაზე, ომზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ. ფრიდონ ინჯია იქ მართლა იყო ერთ-ერთი მოქმედი პირი და მეც ვმონაწილეობდი იმ ომში, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი რიგითი ჯარისკაცი. ვიყავი მენაღმე. შიში არის გრძნობა, რომელიც ყველა ჯარისკაცს განუცდია და რომლის გადალახვა მე პირადად მიხდებოდა ყოველდღე. განსაკუთრებით, როცა ხარ მენაღმე, გიწევს არა მხოლოდ ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა, არამედ წინა ხაზს იქით უნდა გადახვიდე და შეასრულო დავალება. ამ შიშის გადალახვა გიწევს და უნდა გადალახო კიდეც, მაგრამ როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელი ხარ, რაღაცების უფლება არ გაქვს. იმის უფლება არ გაქვს, რაც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა. მინდა, მივმართო ამ შემთხვევაში არა ყოფილ მთავარსარდალს, არამედ ჩვენს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, რისი უფლებაც შეიძლება, მისცეს ადამიანმა თავის თავს ომში, იმისი უფლება არ აქვს პრემიერ-მინისტრს, ქვეყნის ხელმძღვანელს. მან უნდა იხელმძღვანელოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ინტერესია, რომ ისე წაიყვანოს ქვეყანა, რამენაირად ომი ააცილოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ თავიდან საზოგადოება ვერ ხვდებოდა, რატომ იყო ზეწოლა საქართველოზე, ხელისუფლებაზე, დღეს კი ხალხმა სიმართლე გაიგო.

„უკრაინაში ომი როცა დაიწყო და როცა დაიწყო ზეწოლა საქართველოზე, ხალხი, ჩვენი საზოგადოება გაოგნებული იყო, რადგან ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა, რატომ იყო ასეთი ზეწოლა საქართველოზე, ჩვენს ხელისუფლებაზე. რატომ იყო ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებიც კი როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის, სახალხო დამცველის, ენჯეოკრატიის მხრიდან. რა უნდოდათ ქვეყნისგან? ამიტომ გახდა საჭირო, ამიტომ ვთქვით მე და ჩემმა მეგობრებმა, რომ ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს სიმართლე, უნდა ვუთხრათ ის, რაც ძალიან ხშირად ხდება კულისებს მიღმა. საქართველოზე და საქართველოს ხელისუფლებაზე იყო ზეწოლა, შეიქმნა გარემო, თითქოს ჩვენ რაღაცის გვეშინია, რაღაცას ვერიდებით და ხალხი ვერ იგებდა, რისი გვეშინოდა, ფიქრობდნენ, რომ არ ვუდგავართ გვერდით მეგობარ ქვეყანას. ამიტომ ხალხს უნდა სცოდნოდა სიმართლე, რათა უდიდესი საფრთხეები აგვერიდებინა თავიდან. ჩვენ ვუთხარით ხალხს სიმართლე.

სიტყვა სუვერენიტეტი რომ ვახსენეთ, თავი გაიგიჟა ჩვენმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“, „ნაციონალური მოძრაობის“ ჟურნალისტებმა, როგორ გავბედეთ სიტყვა სუვერენიტეტის თქმა, თურმე ეს მკრეხელობაა, თითქოს ვლადიმერ პუტინს აქვს ნახსენები სუვერენული დემოკრატია და თუ ჩვენ სიტყვა სუვერენიტეტს ვიტყოდით, ეს იქნებოდა იმ ნარატივის განმეორება. მიკროფონებით დაგვსდევდნენ, პუტინმა თქვა სუვერენული დემოკრატია და თქვენ სიტყვა სიუვერენიტეტის ხსენება როგორ გაბედეთო. ლამის მკრეხელობად იყო მიჩნეული, მაგრამ საზოგადოებამ გაიგო სიმართლე. დღეს მთელ საქართველოში, ყველა სოფელში, სადაც არ უნდა ჩახვიდე, ნებისმიერ შეკრებაზე ხალხი ლაპარაკობს იმ სიტყვებით, რასაც ჩვენ მაშინ ვამბობდით და რასაც მკრეხელობად გვითვლიდნენ. მკრეხელობად იყო ჩათვლილი ისეთი სიტყვების ხსენება, როგორებიცაა სამშობლო, ეროვნული ღირსება, ეროვნული თავმოყვარეობა. აგენტოკრატიის ერთმა წარმომადგენელმა თქვა მხატვრულად, თუ მოგვთხოვენ, დიახ, მთელი კვირა ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთ და ისე შევასრულოთ ყველა მათი მოთხოვნაო. ეს იყო მიღებული, რომ ცალ ფეხზე მდგომს თვალებში უნდა შეგეციცინებინა იმათთვის, ვინც ბრძანებას გაძლევდა და მათი ბრძანებები შეგესრულებინა. როცა ნახეს, რომ ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ჯერ უკვირდათ, დღეს შეეჩვიენ. დღეს ხალხი გაიმართა წელში, ამბობენ, რომ ჩვენ ქართველები ვართ, გვაქვს სამშობლო, ეროვნული ღირსება, ეროვნული თავმოყვარეობა. ეს მარტო საქართველომ კი არა, ჩვენმა პარტნიორებმაც გაიგეს და არა მგონია, რომ ისინი უფრო პატივისცემით არ უყურებდნენ დღეს საქართველოს ხელისუფლებას და უფრო პატივისცემით არ ელაპარაკებოდნენ გინდ პრემიერ-მინისტრი იყოს, გინდ მთავრობის წევრები ან ჩვენი გუნდის წევრები, რომლებსაც ხშირად უხდებათ საქართველოს ინტერესების დაცვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს არის ის სწორი ხაზი, რომელიც უნდა დავიცვათ, თუ გვიყვარს ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.