სოზარ სუბარი - ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ, ბევრია საქართველოს ომში ჩაბმის მსურველი, ასეთ დროს, ჩვენი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს
სოზარ სუბარი - ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ, ბევრია საქართველოს ომში ჩაბმის მსურველი, ასეთ დროს, ჩვენი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს

ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ. რთული პერიოდია, ყოველ წუთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება, ომში ჩაებას, ამის მსურველი ძალიან ბევრია. დღეს იმის გარანტი, რომ საქართველო არ ჩაებას ომში, არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ასეთ დროს, მათი ძალა არის სწორედ სიმართლე.

„მართლა ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ. რთული პერიოდია იმ მხრივ, რომ ყოველ წუთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება, ჩაებას ომში და ამის მსურველი ძალიან ბევრია. გაცილებით ბევრი, ვიდრე დანილოვია ან ვინმე არახამია. მეორე მხრივ, ვართ გზაგასაყარზე, როცა იხსნება კარი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირში რაც შეიძლება სწარაფად და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გავწევრიანდეთ. მაგრამ ევროკავშირიც განზე დარჩება და ყველაფერი, თუკი ომში ჩაბმას მოახერხებენ ის ადამიანები, ვისაც ამის სურვილი აქვს. მოსურნე ძალიან ბევრია და ძალიან გავლენიანებიც მათ შორის. სამყარო იცვლება, ერთხელ თოფი რომ გავარდება, შემდეგ შენ ვეღარ მართავ პროცესს, პროცესი თვითონ მიდის და ჩვენ იძულებული ვართ, ავყვეთ ამ თამაშის წესებს. ზუსტად ეს არ გვინდა, მოხდეს. დღეს იმის გარანტი, რომ საქართველო არ ჩაებას ომში,  არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რომ მათი მტკიცე ნება იყოს ომის გაჩაღების მოწინააღმდეგეობა. „ნაცმოძრაობაში“ ან სხვა პარტიაში ისეთი ძლიერი ადამიანები და ევროპაში ისეთი ლობისტები არ ჰყავთ, რომ მათ შეუძლიათ, 308 ევროპარლამენტარს მოაწერინონ ხელი და ხმა მიაცემინონ სრულიად უსამართლო და ქვეყნისთვის დამაზიანებელ რეზოლუციაზე, აქ დიდი თამაშია. ჩვენ გვყავს მეგობრები და ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თუმცა ხშირად არის ხოლმე იქ გარკვეული ინტერესები, რომელი ინტერესებიც წონის მეგობრობას და ა.შ. ჩვენი პოზიციაა, ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. გუნდში ამაზე გვქონდა მსჯელობა და ამაზე თანხმობა არ არის. გუნდში ამბობენ, რომ ჩვენ მოვახერხებთ, გავიყვანოთ მშვიდობიანად ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს.

უკრაინაში ომის დაწყებამდეც და უკრაინაში ომის დაწყების დღიდან თქვენ მოგისმენიათ არაერთი განცხადება, რომელიც პირდაპირ იყო მოწოდება, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო ომში. იყო არაპირდაპირი ზეწოლებიც და ამ ყველაფერზე ვილაპარაკებთ ხვალ, ზეგ, შემდეგი დღეების განმავლობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სუბარის განმარტებით, „ქართული ოცნებიდან“ წასვლის საკითხზე დაახლოებით ორი-სამი დღეა, რაც აქტიურად მსჯელობდნენ.

„მანამდე გუნდში ყოველთვის იყო საუბარი. როცა ხარ მმართველ გუნდში, ძალიან ძნელია, ყველა დეტალზე ილაპარაკო ხოლმე. „ქართული ოცნება“ ჩემთვის ყველაფერია, რადგან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ვარ და ყველაფერი მაქვს ჩადებული, რომ ძლიერი პარტია იყოს, თუმცა დგება მომენტი, როდესაც ქვეყნის ინტერესების გამო რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგა. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, რადგან გაცილებით მაღლა დგას საქართველო, ვიდრე დანარჩენი ყველაფერი. ძალიან კარგად მესმის, რომ როცა ხელისუფლებაშია მმართველი ძალა, მას სხვა ტიპის ვალდებულებები აქვს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამისგან თავი გავითავისუფლოთ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად გააგრძელებენ საქმიანობას.

„ბუნებრივია, ძალიან ბევრ საკითხში ერთად ვიმოქმედებთ. დღეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონებია მისაღები და ჩვენ გვექნება ჩვენს აწ უკვე ყოფილ პარტიასთნ კონსულტაციები იმაზე, რას ვფიქრობთ იმ კანონებზე, რომლებიც მისაღებია. მათ შორის თუნდაც იმ 12 პუნქტზე, სად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, სად გვაქვს განსხვავებული აზრი და ამ მხრივ ვითანამშრომლებთ ძალიან კონსტრუქციულად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ  გარკვეულ საკითხებზე ხვალ ისაუბრებენ. „ხვალ გარკვეულ რაღაცებს ვიტყვით. ხვალ შევიკრიბებით და გადავწყვეტთ“, – დასძინა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ, თუმცა პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ.