სოზარ სუბარი - სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს იმ მოღალატეთა სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს ოკუპაცია
სოზარ სუბარი - სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს იმ მოღალატეთა სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს ოკუპაცია

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, ისტორია არის მეცნირება, რომელიც ასახავს რეალობას, დადებითსაც და უარყოფითსაც.

როგორც სუბარი ამბობს, ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილი უნდა იყოს იმ ადამიანების სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, საქართველოს ტერიტორიების 22 პროცენტის ოკუპაცია მოეხდინა.

რაც შეეხება კონკრეტულად ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში შეტანილ ჩანაწერს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, საკითხის შეფასებისას სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ივანიშვილი არის მეცენატი და ერთი ადამიანი ამაზე დიდ საქმეს ვერც ერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ გააკეთებს.

„ისტორიკოსი ვარ, ეს არის მეცნიერება, რომელიც ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, მას 900-ზე მეტი ეკლესია აქვს გადარჩენილი და აღდგენილი. ერთი ადამიანი ამაზე დიდ საქმეს ვერც ერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ გააკეთებს. როცა ვსაუბრობთ იმაზე, სახელმძღვანელოები მოგვწონს თუ არა, რა თქმა უნდა, არ მომწონს, რადგან ისტორიის სახელმძღვანელო ყველაფერს უნდა ასახავდეს – დადებითსაც და უარყოფითსაც. ჩვენ არ გვეცოდინებოდა, სერგო ორჯონიკიძის სახელი, კახაბერ ყორღანაშვილის და სხვა მოღალატეების სახელები, რომ არა, ისტორია. ისტორია მხოლოდ გმირებს არ იცნობს, იცნობს, მოღალატეებსაც. ამიტომ, ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილი უნდა იყოს იმ მოღალატეების სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, საქართველოს ტერიტორიების 22 პროცენტის ოკუპაცია მოეხდინა და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს ოკუპაცია. სტრასბურგში არა მხოლოდ ის დააბრალეს საქართველოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო, არამედ დააბრალეს, რომ საქართველომ საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაარღვია და გამოიყენა აკრძალული იარაღი, მათ შორის კასეტური ბომბი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოს ეს დააბრალეს სტრასბურგის რეზოლუციაში. „ქართული ოცნების“, თეა წულუკიანის და მისი გუნდის დაუღალავი შრომა რომ არ ყოფილიყო, სტრასბურგის სასამართლოს ვერ მოვიგებდით, იმდენად მძიმე დოკუმენტი იყო დადებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს. ისტორიის სახელმძღვანელოში ეს უნდა შედიოდეს ყორღანაშვილის, ორჯონიკიძის და სხვა მოღალატეების მსგავსად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საუბარია საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში შეტანილ ჩანაწერზე – „საქართველოში დემოკრატიულმა ტენდენციებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა და ოპოზიციურმა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა“.