სოზარ სუბარი - გვაქვს ინფორმაცია, რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, თუ გახდა საჭირო, ყველაფერს ვიტყვით ღიად
სოზარ სუბარი - გვაქვს ინფორმაცია, რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, თუ გახდა საჭირო, ყველაფერს ვიტყვით ღიად

როდესაც გვაქვს ინფორმაციები, რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, კითხვები გვაქვს, ჩვენ არ გვინდა ამ წუთში ყველაფრის თქმა და ღმერთმა ნუ ქნას, ამის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავტოვეთ მმართველი გუნდი, რომ ყველაფერს ვიტყვით ღიად, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხდა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, გასაგებია, რატომ შეიძლება აწყობდეს უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა, მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა აწყობდეთ იგივე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ღია მხარდაჭერას უცხადებენ შემდეგ პარტნიორი ქვეყნების ელჩები.

„ჩემი ძალიან მკაფიო აზრია, რომ არანაირი მოტივი არ შეიძლება ჰქონდეს მაგალითად, ქალბატონ ლომჯარიას, რომ საქართველომ დაიწყოს ომი, მაგრამ ჩვენ გვახსოვს მისი პირდაპირი განცხადება, რომ ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ასევე გვახსოვს ქალბატონი გიგაურის განცხადება, გვახსოვს ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, უკრაინელი პოლიტიკოსების პირდაპირი განცხადებები, უმაღლესი თანამდებობების პირების და მათ შორის პრეზიდენტისაც კი, რომელმაც თქვა – იმის გამო, რომ საქართველომ პრაქტიკულად ომში ჩაბმას თავი აარიდა, სწორედ ამიტომ ხდება მის მიერ ელჩის გაწვევა. ის, რომ ჩვენ ომში არ ჩავებით, ამას დაერქვა სახელი მისი მხრიდან, როგორც არამეგობრული ნაბიჯი, რომ ჩვენ თვითმფრინავით მოხალისეები არ გავუშვით, ეს იქნებოდა პირდაპირ ომში ჩართვა. ჩვენთვის გასაგებია, რატომ შეიძლება აწყობდეს უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა, მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა აწყობდეთ იგივე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ღია მხარდაჭერას უცხადებენ შემდეგ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა აწყობდეთ ეს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, როდესაც ქვეყანა იქნება დაპყრობილი, არც მათთვის დარჩება ადგილი პოლიტიკაში, არც ჩვენთვის და არც არავისთვის. ისინი ამას ღიად აცხადებდნენ და ასეთ დროს, როდესაც გვაქვს ინფორმაციები, რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, ეს კითხვები გვაქვს, ჩვენ არ გვინდა ამ წუთში ყველაფრის თქმა და ღმერთმა ნუ ქნას, ამის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავტოვეთ ჩვენ მმართველი გუნდი, რომ ყველაფერს ვიტყვით ღიად. დეტალებში ვიცით შინაარსი. გუნდის წევრები ვიყავით. დავაზუსტებ, თუ ვინმემ არასწორად გაიგო, ბიძინა ივანიშვილის და კელი დეგნანის შეხვედრაზე არ მაქვს ლაპარაკი, მე მაქვს ლაპარაკი იმ საუბრებზე, რომლებიც იყო სხვადასხვა სამთავრობო კაბინეტებში მაღალი დონის შეხვედრებზე და არ დავასახელებ, მეტს არ ვიტყვი ამ თემაზე“, – განაცხადა სუბარმა.