სოზარ სუბარი - გუშინ რამდენიმე მუნიციპალური ცენტრიდან ჩამიგდეს ვიდეოები, მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევდნენ, საცობები იყო, ამან ზომების უფრო გამკაცრება გადაგვაწყვეტინა
სოზარ სუბარი - გუშინ რამდენიმე მუნიციპალური ცენტრიდან ჩამიგდეს ვიდეოები, მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევდნენ, საცობები იყო, ამან ზომების უფრო გამკაცრება გადაგვაწყვეტინა

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი განმარტავს, თუ რატომ მიიღეს საქართველოში ზომების უფრო გამკაცრების გადაწყვეტილება.

საუბარია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვაზე.

სუბარის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მკვეთრად გაიზარდა ავტომანქანების რაოდენობა, როგორც თბილისში, ისე მუნიციპალურ ცენტრებში.

„ამ წუთში უკვე ღამის 9 საათს გადასცდა. შესაბამისად, აღარც ქვეითად მოსიარულეები არიან და არც მანქანები დადიან. აი, ორი წუთის წინ ჩაიარა სასწრაფო დახმარების მანქანამ და, ბუნებრივია, ასეთი სპეც დახმარების მანქანები დადიან, თუმცა, მთავარი, ხაზი მინდა გაუსვა, რამ გამოიწვია ამ ღონისძიების გატარება. გამოიწვია იმან, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ბოლო 3-4 დღის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა ავტომანქანების რაოდენობა, როგორც თბილისში, ისე მუნიციპალურ ცენტრებში.

გუშინ, რამდენიმე მუნიციპალური ცენტრიდან რომ ჩამიგდეს ვიდეოები, იქ უბრალოდ მანქანები გვერდს ვერ უქცევდნენ ერთმანეთს და აქეთ-იქეთ დადიოდნენ, ჩვეულებრივი საცობები იყო, თითქოს საერთოდ არ იყოს საგანგებო მდგომარეობა. ამან, ბუნებრივია, გადაგვაწყვეტინა, რომ კიდევ უფრო გამკაცრება იყო აუცილებელი. მე ძალიან კარგად მესმის მოსახლეობის, მათ ძალიან კარგად მიიღეს პირველ ეტაპზე, იცავდნენ წესებს, მაგრამ გადის დრო, თითქოს ეჩვევა, თითქოს ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად არის, იმას, რასაც ვუყურებთ, რა ხდება ვთქვათ ნიუ-იორკში, იტალიაში, თუ ბელგიაში, ეს აღიქმება, რომ სადღაც შორეულ ქვეყანაშია, ხოლო ჩვენთან ყველანი ვხედავთ, რომ სამი გარდაცვლილია, ბოლო ორ-სამ დღეს თუ არ ჩავთვლით, ყოველდღიურად მატება იყო ძალიან მცირე და რატომღაც ყველამ ჩათვალა, რომ საქმე არის კარგად“ , – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თუმცა, სოზარ სუბარის თქმით, ქვეყანაში ვითარება ნამდვილად არ არის კარგი, ვინაიდან ვირუსის შიდა გავრცელების ეტაპია.

„საქმე კარგად ნამდვილად არ არის, ჩვენ ახლა ვართ გადასული ფართო შიდა გავრცელების ეტაპზე, და ახლა გვმართებს ყველაზე მეტი ყურადღება. რაც ამდენი ხანი მოვითმინეთ ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოება, ის ახლა არ უნდა ჩავყაროთ წყალში, არ უნდა გავატანოთ ამდენი ხნის ნაჯაფი და ნაშრომი წყალს, ეს არის აუცილებელი ჩვენი სიცოცხლისთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც, შოკიდან ეკონომიკის მალე გამოსაყვანად. ყველაფერი ერთმანეთზე არის გადაბმული. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება არის 21 აპრილამდე. მხოლოდ იმიტომ 21-მდე, რომ 21-ში მთავრდება საგანგებო მდგომარეობა, შემდგომ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად, რაზეც უკვე განცხადება გაკეთებულია პრემიერ-მინისტრის მიერ, იქნება მსჯელობა, რა ტიპის ამკრძალავი ღონისძიებები გაგრძელდება, რა შემსუბუქდება ან პირიქით რა დამძიმდება“ , – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში დღეს, 12:00 საათიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა.