სოზარ სუბარი - გიორგი მარგველაშვილს გზა ხსნილი აქვს, თუ საპრეზიდენტო კანდიდატობას გადაწყვეტს
სოზარ სუბარი - გიორგი მარგველაშვილს გზა ხსნილი აქვს, თუ საპრეზიდენტო კანდიდატობას გადაწყვეტს

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს გზა ხსნილი აქვს, თუ საპრეზიდენტო კანდიდატობას გადაწყვეტს – კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, არჩევნები ამ ეტაპზე პირდაპირი წესით ჩატარდება და საპრეზიდენტო ვადა ექვს წლიანი იქნება.

ჟურნალისტებთან სოზარ სუბარმა საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, ელოდა, რომ მარგველაშვილი შეაფასებდა, როგორც მისი პრეზიდენტობის ხუთ წელს, ასევე 2012 წლიდან დღემდე მთლიან პროცესს, რაც საზოგადოებამ ვერ მოისმინა.

„კარგია, აღიარა, რომ 2012 წელი და მისი შემდგომი პერიოდი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გარღვევა იყო. თუმცა, მის შეხედულებას ვერანაირად ვერ გავიზიარებ, რომ თითქოს, ახალმა კონსტიტუციამ გარკვეული მიმართულებით დემოკრატია უკან დასწია. პირიქით, კონსტიტუცია გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში დემოკრატია გაძლიერდა. დემოკრატიის ხარისხს პრეზიდენტის არჩევითობა არანაირად არ ეხება. ამ კუთხით თუ მივუდგებით, მაშინ მონარქიებში – დიდ ბრიტანეთში პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ არ არის. იქ მონარქიაა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზეა, მაგრამ ბრიტანეთი დემოკრატიის წარმომშობია და დემოკრატიის ყველაზე ტრადიციული ქვეყანაა”, – ამბობს სუბარი.

მინისტრის თქმით, არასწორია, როცა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაზე საუბრობს და ამას უშიშროების საბჭოს გაუქმებას უკავშირებს.

„უშიშროების საბჭო არავის გაუუქმებია. საბჭო იქნება იქ, სადაც მისი ადეკვატური ადგილია, როგორც ეს ისრაელშია, სადაც მსგავსი ინსტიტუტი პრემიერთან მოქმედებს და არა – პრეზიდენტთან. არავის ეპარება ეჭვი, რომ უსაფრთხოების კუთხით ისრაელი ის ქვეყანაა, რომლის მაგალითიც უნდა ავიღოთ. გარდა ამისა, იმისთვის, რომ სპეკულაციები არ ყოფილიყო, თითქოს, გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელი ეშლება, კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, ამ ეტაპზე, პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება და საპრეზიდენტო ვადა ექვსწლიანი იქნება.  გიორგი მარგველაშვილს გზა ხსნილი აქვს, თუ საპრეზიდენტო კანდიდატობას გადაწყვეტს“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, დაახლოებით ცნობილია, ვინ იქნება მარგველაშვილის გვერდით.

„დაახლოებით ცნობილია, მის გვერდით ვინც იქნებიან, ბევრი ასეთი პარტია – არიან ადამიანები, ვინც ან მის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ, ან სააკაშვილის. ბაჩუკი ქარდავა გვყავს და არაერთი სხვა”, – განაცხადა სუბარმა.