სოზარ სუბარი - გიორგი კანდელაკმა, თუკი თავს პოლიტიკოსად თვლის, დააყენოს კანდიდატურა რომელიმე რაიონში და გაზომოს თავისი წონა, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს
სოზარ სუბარი - გიორგი კანდელაკმა, თუკი თავს პოლიტიკოსად თვლის, დააყენოს კანდიდატურა რომელიმე რაიონში და გაზომოს თავისი წონა, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს

გიორგი კანდელაკზე ზოგადად რა კომენტარი უნდა გავაკეთო. კარგი იქნება, თუკი თავს პოლიტიკოსად თვლის, დააყენოს კანდიდატურა რომელიმე რაიონში და გაზომოს თავისი წონა, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს, – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი სოზარ სუბარი „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიორგი კანდელაკს.

გიორგი კანდელაკი სოზარ სუბარის მიერ კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ „თუკი სუბარს შეუძლია, გაიკეთოს ტესტი და პასუხს გულისფანცქალით დაელოდოს, რა დააშავეს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ მესტიაში და იძულებით კარანტინში გადაიყვანეს“.

როგორც სუბარი „ფეისბუქზე“ წერს, კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა, რათა სხვებისთვის მაგალითი მიეცა. მისივე თქმით, ისევე როგორც ლენჯერში, მესტიაშიც არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს, ვინც ტესტს არ გაიკეთებს.

„გიორგი კანდელაკზე ზოგადად რა კომენტარი უნდა გავაკეთო. კარგი იქნება, თუკი თავს პოლიტიკოსად თვლის, დააყენოს კანდიდატურა რომელიმე რაიონში და გაზომოს თავისი წონა, რამდენი მხარდამჭერი ჰყავს.

მინდა, არა მისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვის განვმარტო. მესტიაში არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს, ვინც არ გაიკეთებს ტესტს, ისევე როგორც ლენჯერში არ დარჩა არც ერთი ადამიანი და სწორედ ეს იყო ჩემი მესტიაში ყოფნის მიზანი. მოვუწოდებდით მოსახლეობას, გაეკეთებინათ ტესტირება. ბატონ ამირან გამყრელიძესთან ერთად, დავდიოდი და მონიტორინგს ვაკეთებდით, რა რაოდენობის ხალხი მოდიოდა ტესტირებაზე. იქ გადავწყვიტე, რომ მეც გამეკეთებინა ტესტი, ეს იყო ერთგვარი მაგალითი სხვებისთვის. ტესტის გაკეთების შემდეგ ვთქვი, რომ გულისფანცქალით ველოდებოდი პასუხს. ამ წუთასაც არ ვიცი პასუხი, მაგრამ ვიცი, რომ თუ არ დაგირეკავენ, ეს ნიშნავს, რომ პასუხი უარყოფითია.

არანაირი განსხვავებული რეგულაცია ჩემთან მიმართებაში არ ყოფილა. მესტია არ ყოფილა პირველი შემთხვევა, ყველგან, სადაც კი იყო გართულებული ეპიდვითარება, ვიყავი მივლენილი პრემიერის მიერ, ეს იყო მარნეულში, ეს იყო გარდაბანში, ლენტეხში თუ მესტიაში. მე შვებულებაში ვიყავი გასული და გამომიძახეს, რათა წავსულიყავი მესტიაში. ეს პრივილეგია არ ყოფილა. მართალია, ჩემთვის საყვარელ კუთხეში წავედი, მაგრამ ნამდვილად მირჩევნია ეს არ უკავშირდებოდეს კოვიდის გავრცელებას. საქმე იყო გასაკეთებელი და ამიტომ ვიყავი წასული. მადლობა ღმერთს, რომ ხალხი მოგვყვება და ვფიქრობ, ძალიან მალე იქ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება“,- წერს სოზარ სუბარი.