სოზარ სუბარი - ღალატის მეტს ვერაფერს დავარქმევ, როცა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ხდება და მაშინდელი გუბერნატორები, გოროზია და ვარძელაშვილი, როგორც მძღოლები, ემსახურებოდნენ რუს გენერლებს
სოზარ სუბარი - ღალატის მეტს ვერაფერს დავარქმევ, როცა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ხდება და მაშინდელი გუბერნატორები, გოროზია და ვარძელაშვილი, როგორც მძღოლები, ემსახურებოდნენ რუს გენერლებს

ღალატის მეტს ვერაფერს დავარქმევ, როდესაც საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილის ოკუპაცია ხდება და იმ ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელები, მაშინდელი გუბერნატორები უბრალოდ ემსახურებოდნენ რუს გენერლებს, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

სუბარის თქმით, ასეთი ფაქტებიც არ არის უმნიშვნელო იმ დამოკიდებულების გამოსარკვევად, რაც მაშინდელ ხელისუფლებას ოკუპანტთან და ოკუპაციასთან ჰქონდა.

„არ ვიცი, რამდენად შეიძლება, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი იყოს, მაგრამ ღალატის მეტს ვერაფერს დავარქმევ, როდესაც საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილის ოკუპაცია ხდება და იმ ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელები, მაშინდელი გუბერნატორები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გოროზია და შიდა ქართლის გუბერნატორი ვარძელაშვილი, როგორც მძღოლები, უბრალოდ ემსახურებოდნენ რუს ოკუპანტ გენერლებს და ეუბნებოდნენ: მობრძანდით, დაბრძანდით. თვითონ საჭესთან ზის და აქეთ-იქეთ დაატარებს. მთლიანობაში, 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე როდესაც მივალთ, მგონი, ასეთი ფაქტებიც არ არის უმნიშვნელო იმ დამოკიდებულების გამოსარკვევად, რაც მაშინდელ ხელისუფლებას ოკუპანტთან და ოკუპაციასთან ჰქონდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.