სოზარ სუბარი - გასაოცარი ფაქტია, რომ ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი უფრო ხშირად ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში
სოზარ სუბარი - გასაოცარი ფაქტია, რომ ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი უფრო ხშირად ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში

სახალხო დამცველი ვიყავი და ყოველთვის თავს ვიკავებ, რომ სახალხო დამცველზე ვისაუბრო და კარგია, რომ ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი, ყოფილ პრეზიდენტს ხშირ-ხშირად ნახულობს, თუმცა გასაოცარი ფაქტი ის არის, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ხშირად ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, რაც ლომჯარიას მიერ შექმნილმა კომისიამ ჩამოაყალიბა, ეს არის ალტერნატიული აზრი.

„ზოგადად, მედიცინაში სამედიცინო აზრი და ალტერნატიული აზრი არსებობს. ამ შემთხვევაში, ის, რაც ლომჯარიას მიერ შექმნილმა კომისიამ ჩამოაყალიბა, ეს არის ალტერნატიული აზრი. შინაარსში ვერ შევალ, რადგან ექიმი არ ვარ, მაგრამ გასაოცარი იყო, რაც მოვისმინე, რომ მათ კონსულტაციები არ ჰქონიათ ადგილობრივ ექიმებთან, არც იმ ექიმებთან, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არსებულ სამედიცინო ცენტრს წარმოადგენენ და არც იმ ექიმებთან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მე-18 დაწესებულებაში, სამოქალაქო ექიმები მორიგეობენ. ვინმეს მართლა თუ საფრთხე ემუქრება, ეს შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც არიან არა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, არამედ არიან ის ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ პარლამენტში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასა და საკრებულოებში. ადამიანებს თუ შეუძლიათ იატაკზე, ლეიბებზე იწვნენ, ასე გააგრძელონ შიმშილობა და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, ამ შემთხვევაში, გაუგებარია მე-18 დაწესებულება, რომელიც მართლა კარგად აღჭურვილია და მაღალკვალიფიციური ექიმებითაა დაკომპლექტებული, რომელსაც აქვს საქართველოში ყველაზე დიდი გამოცდილება შიმშილობის პერიოდის მართვის, რატომ შეიძლება იყოს იქ უფრო მეტი საფრთხე, ვიდრე იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც საქართველოს სხვა ადგილზე შიმშილობენ? მიხეილ სააკაშვილი რატომ შიმშილობს? რას უცხადებს პროტესტს? სააკაშვილს არ ჩამოუყალიბებია. მას საკუთარი საქმეები გასაჩივრებული აქვს სტრასბურგის სასამართლოში და დაელოდოს მათ გადაწყვეტილებას. ის ფაქტი, რომ სტრასბურგმა ამ საქმეებს რიგითი მიმდინარეობა მისცა, ნიშნავს, რომ ამ განაჩენებში რაიმე დარღვევას ვერ ხედავენ. სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი და დღე არ გავიდოდა ისე, რომ ვინმე არ შიმშილობდა, დაზიანებებს არ იყენებდა, ნივთებს არ ყლაპავდა, პირს არ იკერავდა, ეს იყო და არის სამწუხარო რეალობა სასჯელაღსრულების სისტემაში. ვინმეს თუ გააჩნია დიდი გამოცდილება ამ ყველაფრის, ეს არის სასჯელაღრულების სისტემა და მე-18 დაწესებულება. სახალხო დამცველი ვიყავი და ყოველთვის თავს ვიკავებ, რომ სახალხო დამცველზე ვისაუბრო და კარგია, რომ ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი ყოფილ პრეზიდენტს ხშირ-ხშირად ნახულობს, თუმცა გასაოცარი ფაქტია ის, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ხშირად ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.