სოზარ სუბარი - ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე, იყო ბევრი პირდაპირი გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ შეეცვალათ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია
სოზარ სუბარი - ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე, იყო ბევრი პირდაპირი გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ შეეცვალათ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია

ევროკავშირის გადაწყვეტილება ვიდრე ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი, იყო ბევრი პირდაპირი გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ შეეცვალათ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგანაც, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია იმედის „ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ღია წყაროებშიც არის და აღარ გაიმეორებს.

„იყო დახურული გზავნილებიც, ოღონდ ამ ეტაპზე ამაზე საუბრისგანაც თავს შევიკავებ. თუმცა, როდესაც ვამბობ, რომ იყო, ე.ი. მაქვს ამის თქმის საფუძველი. დადგება დრო და ამას ვიტყვით“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გეუბნებიან ევროპულ პერსპექტივას, ეს ნიშნავს, რომ უკვე ევროპის კარი ღიაა. მაკრონმა რაც თქვა, რომ გეოგრაფია, გეოპოლიტიკა საქართველოსი სხვა არის და იმ ორი ქვეყნის სხვა, ეს ნიშნავს, რომ ევროპის კარი დაკეტილი უნდა იყოს და ევროპული პერსპექტივა არ უნდა თქვა. თუ ევროპულ პერსპექტივას ამბობ, ესე იგი კარი გაიღო და გეოგრაფია აღარაფერ შუაშია. მაკრონის ეს სიტყვებიც წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, გაძლევენ ევროპულ პერსპექტივას და მეორე მხრივ, კანდიდატობის კანდიდატობას ისეთი პირობებით, რომლებიც არ არის მკაფიო და რომელთაც შეუძლიათ, სერიოზული ტურბულენტობის გამოწვევა, გეუბნებიან სერიოზული კრიმინალების ციხიდან გამოშვებას, კონტროლის მოთხოვნას გარკვეულ სტრუქტურებზე და ა.შ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.