სოზარ სუბარი - ევროკავშირის მკაფიო პოზიციის შემდეგ, ოპოზიცია იძულებული გახდა, შეეცვალა ლექსიკა და ისევ დაიწყეს საუბარი დიალოგზე, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ურყევი, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა
სოზარ სუბარი - ევროკავშირის მკაფიო პოზიციის შემდეგ, ოპოზიცია იძულებული გახდა, შეეცვალა ლექსიკა და ისევ დაიწყეს საუბარი დიალოგზე, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ურყევი, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა

მმართველი გუნდის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ევროკავშირის მკაფიო პოზიციის შემდეგ, ოპოზიცია იძულებული გახდა, შეეცვალა ლექსიკა და დღეს კვლავ დიალოგზე ალაპარაკდნენ.

სუბარის თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიცია ყოველთვის იყო ურყევი, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა.

„ჯერ კიდევ გუშინ წინ მთელი ოპოზიცია ამბობდა, რომ მორჩა, დამთავრდა, არანაირი დიალოგი არ იქნება. წინასწარ ვთქვი, რომ ეს იყო ხელოვნურად აწეული სკანდალის მთავარი მიზანიც და მიზეზიც, თუმცა საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამჟღავნდა, ასევე ევროკავშირში დებატებისას ნახეთ, რომ საქართველოს მიმართ საკმაოდ პოზიტიური გზავნილები იყო, ოპოზიცია იძულებული გახდა, შეეცვალა თავისი ლექსიკაც, პოზიციაც და დღეს დაიწყეს ისევ და ისევ დიალოგზე ლაპარაკი. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ურყევი, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სუბარის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დათმო, როდესაც განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში 1 პროცენტზე მეტი ცდომილება თუ დადგინდებოდა, მზად იყვნენ ახალი არჩევნების ჩასატარებლად.

„რაც შეეხება დათმობებს, მაქსიმალური დათმობა არის „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული, რომ ჩვენ მივდივართ ახალ არჩევნებზე, თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დადგინდა, რომ გაყალბება 1 პროცენტზე მეტს აღწევს. მაგრამ ოპოზიცია ამაზე არ მოდის მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ძალიან კარგად იციან, გაყალბება არ მომხდარა. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ხელისუფლების ჩაბარებისთვის 48-პროცენტი ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის არა თუ საკმარისი, გაცილებით მეტი. მაგალითად, საფრანგეთში ახლანდელი საპარლამენტო უმრავლესობა 28 პროცენტით არის არჩეული და არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა აქვს პარლამენტში პარტიას, რომელმაც მიიღო 28 პროცენტი. ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა და საქართველოში ნუ იგონებენ რაღაც ახალ თამაშის წესებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც იხდიან სასჯელს, სუბარის თქმით, არც ერთი საქმე სტრასბურგში არ გასაჩივრებულა, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ წააგებენ.

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით კი სუბარი აღნიშნავს, რომ პატირმობა თავად ნიკა მელიას და მისი პარტიის არჩევანია.

„რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც იხდიან სასჯელს, ან ელოდებიან სასამართლოს განსჯას, არიან ადამიანები, რომლებსაც სასჯელი მისჯილი აქვთ, და აბსოლუტურად სამართლიანად, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამასთან დაკავშირებით, მათ შეეძლოთ, წასულიყვნენ სტრასბურგის სასამართლოში. შემთხვევითი არ არის, რომ არც ერთი საქმე სტრასბურგში არ წასულა. რატომ? იმიტომ, რომ მათ იციან, სტრასბურგში ამ საქმეებს წააგებენ, რადგან სამართლიანი სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლიანი გადაწყვეტილებები არსებობს. არ ვგულისხმობ ნიკა მელიას, რადგან ნიკა მელიასთან დაკავშირებით არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. ადამიანი არის წინასწარ პატიმრობაში. ძალიან მარტივად დგას საქმე, 40 000 ლარის გადახდის შემთხვევაში, ეს ადამიანი არის თავისუფალი. თვითონ მისი პარტია და პარტიის დეფაქტო მმართველი ტოვებს პატიმრობაში, ბოდიში მომითხოვია და ამაზე ვერაფერს ვიზამთ. თუმცა, მათაც რომ ჰქონოდათ ეჭვი, რომ ეს იყო უკანონო პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე წავიდოდნენ სტრასბურგში, მაგრამ ესეც არ გააკეთეს, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ყველაფერი არის კანონის ფარგლებში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.