სოზარ სუბარი - ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა მალე ჩაივლის და საქართველოს პარლამენტიც შეიკრიბება
სოზარ სუბარი - ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა მალე ჩაივლის და საქართველოს პარლამენტიც შეიკრიბება

თბილისში, საბურთალოს ნომერ მე-12 საარჩევნო უბანზე სოზარ სუბარმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა.

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ხმა სტაბილურ განვითარებას მისცა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ საბურთალოს ოლქში ღირსეული კანდიდატი ჰყავს.

„31 ოქტომბერს ძალიან მკაფიო არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა სტაბილურობისა და მომავალი განვითარების სასარგებლოდ და დღესაც ყველგან, სადაც მეორე ტურია, იგივე არჩევანი უნდა განმეორდეს.

ბუნებრივია, მეც ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. ძალიან ღირსეული კანდიდატია საბურთალოზე, რომელიც ნამდვილად ხელს შეუწყობს სტაბილურ განვითარებას და დარწმუნებული ვარ, იგივე იქნება 17-ვე ოლქში.

ძალიან მალე ჩაივლის ეს ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა და საქართველოს პარლამენტი ძალიან მალე შეიკრიბება. მყარი უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და გაგრძელდება ქვეყნის აღმშენებლობა.

ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი არის, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, როგორიც არის მსოფლიო პანდემია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და დემოკრატიის მშენებლობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პირველი ტურის შედეგებით, საბურთალოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მეორე ტურში ორი კანდიდატი გავიდა – „ქართული ოცნებიდან“ დავით სერგეენკო და პარტია „მოქალაქეებიდან“ ალექსანდრე ელისაშვილი.