სოზარ სუბარი - შეიძლება, ბევრს ცოტა ეღიმებოდა, როცა ვამბობდით, რომ 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას ვაპირებთ, ამ წინადადებას საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ პარტნიორები
სოზარ სუბარი - შეიძლება, ბევრს ცოტა ეღიმებოდა, როცა ვამბობდით, რომ 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას ვაპირებთ, ამ წინადადებას საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ პარტნიორები

მმართველი გუნდის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს პარლამენტის სესიაზე განსახილველ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმასა და ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, სუბარის თქმით, სხდომაზე საუბარი შეეხო საარჩევნო კამპანიასა და ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს.

სოზარ სუბარის განმარტებით, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებულ წინადადებას საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ პარტნიორები და საუბარია კონკრეტულ გეგმებზე, რა უნდა გაკეთდეს 2024 წლისთვის.

„იყო უმრავლესობის ტრადიციული შეხვედრა, რომელსაც მუდმივად ვატარებთ სასესიო კვირის დასაწყისში ხოლმე. იყო სესიაზე განსახილველი საკითხები, მათ შორის ყველაზე აქტუალური, მოგეხსენებათ, ეს არის საარჩევნო რეფორმა და ამნისტიის კანონი.

გარდა ამისა, განვიხილეთ ორი ძირითადი საკითხი, თუ არ ჩავთვლით უამრავ მიმდინარე საკითხს. ეს ორი საკითხი იყო: საარჩევნო კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია, რეგიონებში გასვლები ერთი თვეა, ჩვენ მიერ უკვე დაწყებულია, მაგრამ უკვე უმაღლეს დონეზე, პარტიის ლიდერები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე, მთავრობის ხელმძღვანელი თვითონ გადიან რეგიონებში და გვაქვს შეხვედრა ჩვენს აქტივთან პრაქტიკულად ყველა რეგიონში.

მეორე იყო პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში და ძალიან კარგი სიახლეებია. სიახლეა ის, რომ რაზეც ერთი წლის წინ შეიძლება, ცოტა ეღიმებოდა ბევრს, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ 2024 წელს ვაპირებთ, განაცხადი შევიტანოთ ევროკავშირში წევრობაზე, დღეს უკვე ამ წინადადებას საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ ჩვენი პარტნიორები.

უკვე აღარავის ეღიმება და კონკრეტულ გეგმებზე არის ლაპარაკი, რა უნდა გავაკეთოთ 2024 წლისთვის, რომ არა მხოლოდ განაცხადი შევიტანოთ განაცხადისთვის, არამედ ამას მოჰყვეს რეალური, ძალიან სწრაფი და ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სოზარ სუბარი კანდიდატებზე ჯერ არ საუბრობს.

„არც თბილისის, არც ჩხოროწყუს, არც დმანისის და არც ერთ მერზე არ ვლაპარაკობთ ჯერ, ვიდრე არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ყველგან მიღებული. ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, გაგვეწელა თუ არა პროცესი, არაფერი საჩქარო არ გვაქვს“,- განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, „კახა კალაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი“, – სუბარი პასუხობს: „გაიგებთ, როცა საჭირო იქნება“.

დატოვე კომენტარი