სოზარ სუბარი - ერთ მხარეს დავაყენოთ მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ, არის არაკეთილსინდისიერი
სოზარ სუბარი - ერთ მხარეს დავაყენოთ მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ, არის არაკეთილსინდისიერი

ნებისმიერი ადამიანმა, ვინც მსგავს შედარებებს აკეთებს, უბრალოდ არ იცის  საქართველოში არსებული ვითარება ან ნაკლებად კეთილსინდისიერია თავის განცხადებებში და შეგნებულად ახდენს სიტუაციის დრამატიზებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რადგან „არიან არაფორმალური მმართველები და გადაწყვეტილებების მიმღებები“.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, სააკაშვილი უბრალოდ არ არის საქართველოს მოქალაქე, არის მისჯილი რამდენიმე საქმეზე, რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება მის წინააღმდეგ, თუმცა ის ყოველდღე ზის ტელევიზორში და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს.

„მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად მოუწოდებს საქართველოში დესტაბილიზაციისკენ, არეულობისკენ, აჯანყებებისკენ და ა.შ. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში დაამკვიდრა ელიტური, სისტემური კორუფცია, სისტემური წამება და არ მეგულება მსოფლიოში მაგალითი, რომ სისტემური წამების დამმკვიდრებელი ადამიანები პოლიტიკაში რჩებოდნენ. ეს არის ადამიანი, რომელმაც დაამკვიდრა საქართველოში ლინჩის წესით ანგარიშსწორება მართლმსაჯულების გვერდის ავლით, ეს არის ქუჩაში დახვრეტები, ეს არის მოტაცებები იმ ადამიანების, რომლებიც არ მოსწონდათ, მათი ცემა, მკვლელობა,  გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის, კობა დავითაშვილის საქმეზე განაჩენის არის დამდგარი კონკრეტულად სააკაშვილის მიმართ. არაერთ საქმეზე მის მიმართ განაჩენი დამდგარია, სწორედ სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ გამოძიებულიყო ეს საქმეები. ეს არის ადამიანი, რომელმაც დაამკვიდრა ბიზნესის ტერორი და სისტემური ხასიათი მისცა ამას, რომელმაც დაამკვიდრა მედიატერორი, „იმედი“, „იბერია“, სადაც მკაფიო მაგალითებია, სადაც ავტომატებით გადაცხრილეს ტელევიზიები და ჟურნალისტებს სცემეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, მეორე მხარეს დგას ადამიანი, რომელმაც საქართველოში შექმნა პრეცედენტი, რომ საქართველოში პირველად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით, მშვიდობიანად, აიძულა სააკაშვილი, დაეთმო ხელისუფლება, რასაც ის არ აპირებდა და რაც აღიარებს რამდენიმე დღის წინ ამერიკის სენატის წევრებმა.

„ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში, ეს არის ადამიანი, რომელმაც გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისგან, გაათავისუფლა მედია ტერორისგან და შემქნა თავისუფალი მედიაგარემო. ეს არის ადამიანი, რომლის პერიოდშიც მის მიერ შექმნილმა ხელისუფლებამ მიაღწია ევროპასთან ასოცირებას. ბოლოს ეს ადამიანი გავიდა, დაგვიტოვა მემკვიდრეობა, ეს არის მართლა თავისუფალი პოლიტიკური დემოკრატიული გარემო და მისი მეორე მემკვიდრეობა არის, რომ მთელი მისი ქონება მოახმარა ქვეყანას და დაუტოვა ქვეყანას. აღარ ვამბობ იმას, რაც აქვს გაკეთებული ქართული კულტურისთვის. დღეს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს ორი ადამიანი დავაყენოთ ერთმანეთის საპირწონედ არის არასწორი. ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნისთვის და ადამიანი, რომელმაც გაყიდა ეს ქვეყანა, გაყიდვის მაგალითი არის, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მისმა გუნდა ხელი მოაწერა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება. ამის შემდეგ სააკაშვილი იძლეოდა ინტერვიუებს, რომ საქართველოს არაფერი დაუკარგავს რამდენიმე ქვაღორღიანი ადგილის გარდა. დავაყენოთ ერთ ადგილზე მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ, არის არაკეთილსინდისიერი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.