სოზარ სუბარი - ეპიდემიამ არ იცის მორწმუნე და ურწმუნო, ყველას თანაბრად ერევა და ყველა თანაბრად შეიძლება დაავადდეს და გარდაიცვალოს კიდევაც
სოზარ სუბარი - ეპიდემიამ არ იცის მორწმუნე და ურწმუნო, ყველას თანაბრად ერევა და ყველა თანაბრად შეიძლება დაავადდეს და გარდაიცვალოს კიდევაც

ეპიდემიამ არ იცის მორწმუნე და ურწმუნო, ყველას თანაბრად ერევა და ყველა თანაბრად შეიძლება დაავადდეს და გარდაიცვალოს კიდევაც, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მსუბუქი მანქანების მოძრაობის შეზღუდვა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ამავე განცხადებაში იყო ნათქვამი ისეთი სიტყვები, რომ სამწუხაროდ ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. არსებობს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და ეს გადაწყვეტილებები არავისთან თანხმდება, ეს არის ბუნებრივი და არც შეთანხმდება. თუმცა, ჩვენ, ვთქვათ, როგორ უნდა ჩატარდეს წირვა და აღდგომის დროს როგორ უნდა იყოს ხალხს შორის დისტანცია, ამაზე გვაქვს ხოლმე მოლაპარაკებები. უნდა იყოს თუ არა ტაძრები ღია, ამაზეც მესმის რომ ეკლესიის შიგნითაც არის აზრთა სხვადასხვაობა.

მაგალითად, დღეს ჰქონდა მეუფე ისაიას საოცარად კარგი განცხადება, სადაც მან პირდაპირ მოუწოდა მრევლს, რომ მათი სიცოცხლისთვის, მათი ჯანმთელობისთვის და ეკლესიის სიმრთელისთვის იქნება კარგი, რომ ისინი დარჩნენ სახლში. ასევე გავრცელდა 12 სასულიერო პირის მღვდლების განცხადება და ასევე ხელს აწერს 16 თუ 18 თეოლოგი, სადაც ისინი ამბობენ, რომ დღეს ღვთისმსახურება, დღეს ქრისტიანობა, დღეს ქრისტიანული საქციელი არის სწორედ სახლში დარჩენა. ძალიან კარგად მესმის რომ ეკლესიაში არიან განსხვავებული შეხედულების მქონე პირებიც, ეპისკოპოსებიც, მღვდლებიც, მათი განცხადებებიც მოვისმინეთ დღეს და მთლიანობაში ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ არის ძალიან კარგი და ვფიქრობ, რომ ეპიდემიის გავრცელების ნაკლებ საფრთხეს ქმნის.

თუმცა, ერთია შეთანხმება და მეორეა რამდენად იქნება აღსრულებული. ამ აღსრულებაში სახელმწიფო თავსი როლს ბუნებრივია შეასრულებს, ყველგან იქნება პოლიცია, რომელიც დაიცავს დისტანციას და თუ ვინმე დაარღვევს, ამაზე შესაბამის რეაგირებასაც გააკეთებს. მაგრამ ეკლესიამ, სასულიერო პირებმაც, ბუნებრივია ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს წესები იყოს დაცული, რადგან ძალიან კარგად დავინახეთ საქართველოს მაგალითზეც, უკრაინის მაგალითზეც, სხვა ქვეყნების მაგალითზეც, რომ ეპიდემიამ არ იცის სასულიერო პირი, ეპიდემიამ არ იცის არასასულიერო პირი, ეპიდემიამ არ იცის მორწმუნე და ურწმუნო, ყველას თანაბრად ერევა და ყველა თანაბრად შეიძლება დაავადდეს და გარდაიცვალოს კიდევაც“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.