სოზარ სუბარი - არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რაც გვავალდებულებს, ე.წ. ყინწვისის საქმე ხელახლა, რეალურად და სერიოზულად გამოვიძიოთ
სოზარ სუბარი - არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რაც გვავალდებულებს, ე.წ. ყინწვისის საქმე ხელახლა, რეალურად და სერიოზულად გამოვიძიოთ

ე.წ. ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რაც სახელმწიფოს გვავალდებულებს, ხელახლა, რეალურად და სერიოზულად გამოვიძიოთ ეს საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა პროკურატურის დღევანდელ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც უწყებამ ე.წ. ყინწვისის საქმეზე კიდევ 12 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

„გამოძიებამ აჩვენა ამ ადამიანების უდანაშაულობა. ის რომ უდანაშაულობის იყვნენ, მაშინვე ვიცოდით, 2011 წელს. მაშინ მე უკვე აღარ ვიყავი სახალხო დამცველი. დეტალურად საქმე შესწავლილი არ მაქვს, თუმცა მაშინ ვიყავი პოლიტიკაში და მაშინ მოხდა, რომ რამდენიმე საქმე იყო ერთნაირად პოლიტიკური. ერთ-ერთი იყო ჩემი პარტიის წევრების წინააღმდეგ საქმე. „ზილების“ საქმე და „ყინწვისის საქმე“. ორივე შემთხვევა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე შემთხვევაში ადამიანები იყვნენ დაპატიმრებული სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და ყველა მათგანი იყო უსასტიკესად ნაწამები. რაც იყო ნაცმოძრაობის ხელწერა, გამოჩნდა ამ საქმეში. ჩვენ მოვალენი ვართ, ეს საქმეები ხელახლა შევისწავლოთ და უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც უკანონო ბრძანება გასცა, შეასრულა, აწამა.

გვარ-სახელებზე ახლა არ შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ ეს იყო პერიოდი, როცა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება არ ხდებოდა მინიმუმ სამი ადამიანის გარეშე. ამ სამი ადამიანის სახელია: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი. მათ გარეშე არაფერი ხდებოდა“, – განაცხადა სუბარმა.