სოზარ სუბარი - დღეს რომ დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის თავი გაწირა
სოზარ სუბარი - დღეს რომ დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის თავი გაწირა

დღეს რომ დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ, ეს სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის თავი გაწირა, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.

სუბარის თქმით, 9 აპრილი არის ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო.

„ეს დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქრისტიანობის სიმბოლო, დიდი დღე. ამავდროულად, ეს არის დღე, როდესაც ბევრმა თავდადებულმა ქართველმა თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. დღეს ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა სწორედ მათ მსხვერპლზე დგას.

მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად გვცემეს, ძალიან მძიმე ღამე გადავიტანეთ, ისეთ სიტუაციაში მოვყევი, დილამდე არ ვიცოდი, რომ ადამიანები იყვნენ გარდაცვლილი. დილით პირველმა მერაბ კოსტავამ მითხრა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია გარდაცვლილი და ზუსტი რაოდენობა არ ვიცითო. ძალიან მძიმე იყო ეს განცდა, თუმცა დღეს რომ დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ, ეს არის სწორედ იმ ადამიანების დამსახურება, ვინც თავი გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის 9 აპრილს, აფხაზეთში, სამაჩაბლოში. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი. 9 აპრილი არის ერთიანობის სიმბოლო, მთელი ერი იყო ერთიანი, მიუხედავად პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებისა, ეს ერთიანობაა სწორედ, რაც გვჭირდება გარე მტერთან ბრძოლაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.