სოზარ სუბარი - დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკი სირცხვილი და ქვეყნის მიზანმიმართული მტრობაა, ამას აქვს კონკრეტული მიზანი, საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურის მოყვანა
სოზარ სუბარი - დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკი სირცხვილი და ქვეყნის მიზანმიმართული მტრობაა, ამას აქვს კონკრეტული მიზანი, საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურის მოყვანა

მამუკა მდინარაძეს ვუსმენდი, ლაპარაკობდა, რა ხდებოდა ციხეებში და მართლა თვალწინ დამიდგა ყველა ის პატიმარი, რომელიც იქ ნანახი მყავს, უსასტიკესად ნაწამები; ის გარდაცვლილები, რომელთაგანაც ზოგი იმის გამო კვდებოდა, რომ აწამებდნენ და ზოგი იმის გამო, რომ არ მკურნალობდნენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„გამახსენდა, როგორ შემყავდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი ციხეებში, როგორ ვესაუბრებოდით პატიმრებს. ეს ადამიანი არათუ იმას ვერ იჯერებდა, რასაც უყვებოდნენ, არამედ რასაც ხედავდა, იმის დაჯერებაც უჭირდა – როგორ შეიძლება ეს სიმართლე იყოსო. ციხე მარტო ერთი მაგალითია იმის, რაც ხდებოდა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროში არის წინსვლა.

„ამ დროს, როცა აბსოლუტურად შეგნებულად ამკვიდრებენ ტერმინს – „დემოკრატიული უკუსვლა“, ეს არის გამიზნული პოლიტიკა, რათა ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ და აქ თავისი აგენტურის მოყვანას მიაღწიონ ხელისუფლებაში. მარტო ის კი არ არის, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა – დღეს საქართველოდან გაცილებით ნაკლები საქმე მიდის სტრასბურგში, ვიდრე ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობიდან. დღეს საქართველოში კვდება უფრო ნაკლები ადამიანი, ვიდრე ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ციხეებში. მაგალითად, ორჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში. დღეს საქართველოს არჩევნებზე ვერ იტყვის ვერავინ ვერაფერს, თუ იმ გაყალბებულ ხმის პარალელურ დათვლას არ დაგვიდებს ე.წ. სამართლიანი არჩევნები ან რომელიმე სხვა ენჯეო საზოგადოება. ამ ფონზე დემოკრატიის უკუსვლაზე ლაპარაკი, უბრალოდ, სირცხვილი და ამ ქვეყნის მიზანმიმართული მტრობაა. ამას აქვს კონკრეტული მიზანი და ეს მიზანი არის საქართველოში საკუთარი აგენტურის მოყვანა ხელისუფლებაში.

ყველა, ვისაც უნდოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმირება და მოყვანა ხელისუფლებაში, მიხვდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია და ახლა გადავიდნენ ღია ბრძოლაზე – პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ფუნქცია აიღეს თავის თავზე ზოგიერთმა ჩვენმა (წერილშიც გამოვიყენეთ ეს ტერმინი) „დაუძინებელმა მეგობარმა“. მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ამერიკის კონგრესში და ამავდროულად, მოუწოდებდეს უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, „დაბრუნდით საქართველოში და დაამხეთ პრორუსული ხელისუფლება“. ანუ, იარაღის ძალით სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს. მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება, საქართველოში იყოს აშშ-ის ელჩი, რომელიც არ ემიჯნება ამ აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.