სოზარ სუბარი - დარწმუნებული ვარ, ნათელაშვილი ახმოვანებს იმას, რასაც სააკაშვილი უკვეთავს
სოზარ სუბარი - დარწმუნებული ვარ, ნათელაშვილი ახმოვანებს იმას, რასაც სააკაშვილი უკვეთავს

შალვა ნათელაშვილის ანტიდასავლური განცხადებები ახალი არ არის, რასაც კენტთან მიმართებაში აკეთებს, ამაში ახალი არაფერია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ  სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარი დარწმუნებულია, რომ  ნათელაშვილი ახმოვანებს იმას, რასაც სააკაშვილი უკვეთავს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში, ფანჩატურის მთელი ოპოზიცია ერთიან განცხადებებს აკეთებს და იმ ნარატივში ჯდება, რასაც ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი აყალიბებს. დარწმუნებული ვარ, ნათელაშვილი ახმოვანებს იმას, რასაც სააკაშვილი უკვეთავს. ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა ამორალური და იდიოტები უწოდა იან კელის და რამდენიმე პარლამენტარს. მან ასევე მსგავსი განცხადებები გააკეთა საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ. მგონი, ეს ყველაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს იმ ფონზე, როცა მან თქვა, რომ ევროპა არის ჩვეულებრივი კოლონიზატორი საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით. ასეთი ანტიდასავლური განცხადებები არ უნდა გვიკვირდეს, არც ის, რომ ნინო ბურჯანაძე, ნატო ჩხეიძე და შალვა ნათელაშვილი, მკაფიო პრორუსული ძალები ვითომ პროდასავლურ ძალებთან ერთად სხედან და ერთ პოლიტიკას აყალიბებენ. ეს არის მკაფიო ანტიდასავლური პოლიტიკა. კარგი იქნება, თუ ვითომ ჩვენი პროდასავლური პოლიტიკოსები გაემიჯნებიან ნათელაშვილის, ბურჯანაძისა და სააკაშვილის განცხადებებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტისადმი მიმართვა გაავრცელა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, „კენტის განცხადება ნიკა მელიაზე, თითქოს მან მოიხსნა ელექტროსამაჯური, მოწყვეტილია ობიექტურობას და არის რეჟიმის წაქეზება, განაგრძოს რეპრესიები, რომლის მსხვერპლი უკვე გახდა არაერთი პოლიტიკოსი და აქტივისტი“.

„ძვირფასო კენტ, თქვენ საჩუქარი გაუკეთეთ ივანიშვილს, როდესაც გამოაცხადეთ ის პროდასავლური კურსის მიმდევრად, საქართველოში პუტინის სცენარით ჩატარებული არჩევნები მიიჩნიეთ სამართლიანად, ხოლო პოლიტიკური პატიმრები გამოაცხადეთ კანონის დამრღვევებად“, – წერს ნათელაშვილი მიმართავში.