სოზარ სუბარი - ჩვენი მმართველობის პირობებში თვითმმართველობის ხელმძღვანელებს დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება შეუძლიათ, გაუჩნდათ მეტი ბიუჯეტი
სოზარ სუბარი - ჩვენი მმართველობის პირობებში თვითმმართველობის ხელმძღვანელებს დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება შეუძლიათ, გაუჩნდათ მეტი ბიუჯეტი

ჩვენი მმართველობის პირობებში შესაძლებელი გახდა ის, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელები არჩევითია, მათ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება შეუძლიათ და გაუჩნდათ მეტი ბიუჯეტი, ვიდრე აქამდე ჰქონდათ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ნელ-ნელა, უფრო მეტი უფლებების დელეგირება უნდა მოხდეს. ეს ყველაფერი დეცენტრალიზაციის გაძლიერება გულისხმობს“, – განაცხადა სუბარმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, კონკრეტულად, რა შეიცვალა და რას შეცვლის მოსახლეობისთვის დეცენტრალიზაცია იმ პირობებში, როცა რეალურად, ადგილობრივები სოფლებს ტოვებენ და საცხოვრებლად ქალაქში, ან საზღვარგარეთ მიდიან, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ დეცენტრალიზაციის ამოცანა ისაა, რომ ხალხი თვითონ აირჩევს მმართველს, რომელიც მათ მოსწონთ, რომელიც მათ გულისტკივილს ყველაზე ახლოდან მოისმენს და განახორციელებს პოლიტიკას, რომელიც მათ უნდათ.

„მათ საკუთარი ბიუჯეტი ექნებათ და ამას თვითონ განახორციელებენ, ან ცენტრალურ ხელისუფლებაში გაწევენ ლობირებას. ლობირების პროცესში რგოლი, რომელიც ახლა იქმნება, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ერთგვარი შუამავალი იქნება. ამ რგოლის ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ ჩამოშორდება, რადგან პროექტების შემუშავებაში მონაწილეობას სწორედ ისინი იღებენ“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, მოსახლეობის სოფლიდან ქალაქში გადასვლის პროცესი მთელ მსოფლიოში შეუქცევადია და ქვეყანა რაც უფრო განვითარებულია, ეს პროცესი უფრო ძლიერია.

„ცხადია, შეუძლებელია ბოლომდე იმის თქმა, რომ ეს ჩვენთან არ მოხდება, მაგრამ თუ სოფლად ფერმერულ მეურნეობებს განვავითარებთ და დასაქმების საშუალებებს შევქმნით, თუ ყველა სოფელს ექნება გზა, ინტერნეტი და ა.შ, ქალაქსა და სოფელს, თუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტს შორის განსხვავება მინიმუმამდე დავა. თუმცა, ცხადია, რჩება გარკვეული უთანასწორობები, რის გარეშეც არც ერთი ქვეყანა არ არსებობს“, – განაცხადა სუბარმა.

სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა იქნას მოფიქრებული პოლიტიკა, რომელიც კონკრეტული კუთხისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რათა მის განვითარებას ხელი შეეწყოს.

„ზოგან ეს სოფლის მეურნეობის გარკვეული დარგების განვითარებაა, ზოგან ტურიზმი და ა.შ. ზოგჯერ, შესაძლოა, სახელმწიფოს ხელოვნური ჩარევაც მოუწიოს, რაც დღესაც ხდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.