სოზარ სუბარი - ბინების მშენებლობა, რომელიც ჩვენი სამინისტროს ეგიდით მიმდინარეობდა, სტრუქტურული ცვლილებების შემდეგაც გაგრძელდება 
სოზარ სუბარი - ბინების მშენებლობა, რომელიც ჩვენი სამინისტროს ეგიდით მიმდინარეობდა, სტრუქტურული ცვლილებების შემდეგაც გაგრძელდება 

მნიშვნელოვანია, რომ არც სამინისტროს ფუნქცია და არც სახელი არ დაკარგულიყო, რადგან სახელთან ბევრი რამ არის დაკავშირებული, კონკრეტულად დაკავშირებულია იმ ვითარების ხაზგასმა, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, დევნილთა სამინისტროს სახელი შენარჩუნებული იქნება ჯანმრთელობის დაცვისა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწოდებაში.

მისივე თქმით, დევნილთა სოციალურ დახმარებებზე ძირითადი ნაწილი აქამდეც ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში ხორციელდებოდა, რადგან 143 მილიონი, რომელსაც დევნილები ყოველთვიური დახმარების სახით იღებდნენ, სწორედ შრომის სამინისტროდან გადიოდა.

„რაც შეეხება ბინების მშენებლობის ნაწილს, ბუნებრივია, ეს კომპონენტი უნდა წასული იქ, სადაც არის მისი ადგილი. ასევე ერთი მიმართულება, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს, ეს არის საერთაშორისო დაცვის მქონე პირებზე სტატუსის მინიჭება, მათი საქმეების განხილვა. მთელ მსოფლიოში ეს არის ან შსს-ის საქმე, ან იუსტიციის სამინისტროს და ჩვენს შემთხვევაში ჩაითვალა, რომ შსს-ში უნდა წასულიყო, რადგან გარკვეულ ფუნქციებს სწორედ შსს ასრულებდა და ხელოვნურად იყო გაყოფილი ეს კომპონენტი ორ უწყებას შორის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაზეც არ ყოფილა საუბარი, ამას არ სჭირდება კანონში ცვლილება, ეს არის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს კომპონენტი გადავა სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ქეთი ციხელაშვილთან და გაგრძელდება ისეთივე წარმატებით, როგორც დღემდე ხორციელდებოდა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ბინებით უზრუნველყოფის კომპონენტი ყოველწლიურად იზრდება და მიმდინარე წელს 85 მილიონზე მეტია გამოყოფილი.

„ის მშენებლობები, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენი სამინისტროს ეგიდით, ამის შემდეგაც გაგრძელდება და განვითარდება. მშენებლობები დღემდეც გაყოფილი იყო ნაწილს ასრულდება ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასე, რომ დღეს უბრალოდ იქ მოიყრის თავს. სტრუქტურული ცვლილებებით ხელმძღვანელისა და აპარატის შემცირება ხდება, ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ როცა საუბარია მცირე მთავრობაზე და თანხების შემცირებაზე, ოპტიმიზაცია, მაინცდამაინც არ გულისხმობს ადამიანების ავტომატურ შემცირებას. როცა ვსაუბრობთ 100-120 მილიონი ლარით ბიუროკრატიული ხარჯებით შემცირებაზე, აქ არის არა ადამიანური რესურსით ნაკლებობა, არამედ მართვის ოპტიმიზაცია და ამაზე უფრო მკაფიოდ გეგმა იქნება წარმოდგენილი უახლოეს მომავალში, როცა მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება წარმოდგენილი”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

დატოვე კომენტარი