სოზარ სუბარი - ასე არ არის, რომ პრემიერ-მინისტრი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო გუნდთან შეთანხმების გარეშე იღებდა
სოზარ სუბარი - ასე არ არის, რომ პრემიერ-მინისტრი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო გუნდთან შეთანხმების გარეშე იღებდა

ასე არ არის, რომ პრემიერ-მინისტრი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო გუნდთან შეთანხმების გარეშე იღებდა, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად საბოლოოდ ჩამოყალიბდა, რაც პარლამენტის მხრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გაცილებით მეტ კონტროლს და პოლიტიკის შემუშავებაში საპარლამენტო და სამთავრობო გუნდის გაცილებით მეტ თანამონაწილეობას გულისხმობს. როგორც ჩანს, სწორედ ამ კომუნიკაციის და შეთამაშების ნაკლებობა იყო, რამაც გარკვეულ ეტაპზე უბრალოდ, გადახალისება მოითხოვა. ამის გარეშე დემოკრატია არ არსებობს და ეს ძალიან ნორმალური პროცესია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამ განცხადებით სოზარ სუბარმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად შეესაბამება რეალობას ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს შეთანხმების, შეჯერებისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის გარეშე იღებდა.

მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რის განხილვაც შეხვედრაზე ხდებოდა, ის იყო, რომ მკაცრი საბანკო რეგულაციების პოლიტიკის გატარება, რაც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა, შესაძლებელი იყო, გაცილებით ადრე მომხდარიყო.

როგორც სუბარმა აღნიშნა, მეორე საკითხი მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, ან უშუალოდ პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ერთგვარი შეუთანხმებლობა იყო.

„იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც გარეთ ძალიან ხშირად, ღიად გამოდიოდა. ის, რაც გარეთ გამოდიოდა, უფრო პარლამენტს შიგნით დებატები იყო, მაგრამ რაღაცნაირად, გუნდში გარკვეული განსხვავებული შეხედულებები გაჩნდა, რამაც ერთგვარად, ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებაც განაპირობა“, – განაცხადა სუბარმა.

სუბარმა ასევე განაცხადა, რომ ზოგადად, განსხვავებული ხედვები პრობლემა არ არის და პირიქით, კარგია, რადგან შეუძლებელია, დემოკრატიაში სხვაგვარად იყოს, მაგრამ მთავარია, სანამ განსხვავებული ხედვები გარეთ გამოვა, გუნდის შიგნით გაცილებით მეტი მსჯელობა უნდა იყოს.

„როგორც ჩანს ეს ჩვენ წლების განმავლობაში გვაკლდა. მერე კი, ნაბიჯ-ნაბიჯ დაგროვდა, დაგროვდა და ბოლოს, სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენა დაიწყო, რის გამოც გარკვეული ცვლილებები გახდა საჭირო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.