სოზარ სუბარი - არჩილ ტატუნაშვილის სახელი არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს გაუტეხელი ადამიანი, რომელიც არ ეგუება ოკუპაციას
სოზარ სუბარი - არჩილ ტატუნაშვილის სახელი არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს გაუტეხელი ადამიანი, რომელიც არ ეგუება ოკუპაციას

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სახელი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს გაუტეხელი ადამიანი, რომელიც არ ეგუება ოკუპაციას. სუბარმა ამის შესახებ წილკანში განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი დაათვალიერა.

​„არჩილ ტატუნაშვილი არის ადამიანი, რომელიც დღევანდელი საქართველოს ისტორიას წერს თავისი გმირობით და აგრძელებს მას. მისი სახელი არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს გაუტეხელი ადამიანი, რომელიც არ ეგუება ოკუპაციას და არ ეგუება საქართველოს დაქუცმაცებას.

დღეს მისი სახელობის სკვერი გაიხსნა, სადაც ბავშვებს ექნებათ საშუალება, არა მხოლოდ ითამაშონ, არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ, არამედ ამავდროულად, გაიხსენონ იმ ადამიანის სახელი, ვინც თავისი გმირობით კიდევ ერთხელ ასახელა ქართველები და საქართველო. ეს იქნება ამ ბავშვებისთვის კარგი მაგალითი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს ორი წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგაც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

წილკანში დღეს არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.