სოზარ სუბარი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება
სოზარ სუბარი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხედრის ექსპერტიზას ოჯახის მიერ აყვანილი ექსპერტიც ესწრებოდა.

„ექსპერტის მიერ მიცვალებულის დათვალიერებას და გაკვეთას ესწრებოდა ოჯახის მიერ აყვანილი ექსპერტიც. ცხადია, რომ აღენიშნება სერიოზული დაზიანებები. ეს ისედაც ყველამ ვიცოდით, უბრალოდ, წინასწარ არ მინდოდა, ოჯახს ტელევიზორიდან შეეტყო ამის შესახებ და მას შემდეგ, რაც მამამაც ნახა, ექსპერტმაც გააკეთა განცხადებები. ბუნებრივია, ჩვენც დავადასტურეთ ის, რაც ისედაც ვიცოდით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ტატუნაშვილის ცხედარი, ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე  მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, სოფელ ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.