სოზარ სუბარი - არაადამიანურობაა, როდესაც ერთი სიტყვისთვის წამებით კლავენ სანდრო გირგვლიანს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აგზავნის სპეცრაზმს და სასიკვდილოდ იმეტებენ დეპუტატს
სოზარ სუბარი - არაადამიანურობაა, როდესაც ერთი სიტყვისთვის წამებით კლავენ სანდრო გირგვლიანს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აგზავნის სპეცრაზმს და სასიკვდილოდ იმეტებენ დეპუტატს

ჩემი თვალთახედვით, მკაფიო დანაშაულია, როდესაც ადამიანებს უსმენენ უკანონოდ, ამაზე აღძრულია საქმე, დამნაშავეც დადგინდება და იმედია, დაისჯება კიდეც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, უმრავლესობის შეხვედრაზე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

„გეტყვით ჩემს შთაბეჭდილებას გუშინდელზეც და არა მხოლოდ ამაზე, ვიტყვი, რა არის განსხვავებაა ადამიანურობასა და არაადამიანურობას შორის. არაადამიანურობა, არაცივილიზებულობა არის, როდესაც ერთი სიტყვის გულისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აგზავნის სოდ-ის სპეცრაზმს და სასიკვდილოდ იმეტებენ საქართველოს პარლამენტის წევრს, ძლივს გადარჩა სიკვდილს ვალერი გელაშვილი. არაადამიანურობა არის, როდესაც ერთი სიტყვის გულისთვის იძახებენ კუდ-ის მაღალჩინოსნებს, შს მინისტრის მოადგილე და კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნები იტაცებენ, უკანონოდ აღუკვეთავენ თავისუფლებას, აჰყავთ სასაფლაოზე აწამებენ და წამებით კლავენ სანდრო გირგვლიანს, ეს არის არაადამიანურობა. არაადამიანურობა არის, როდესაც ამის შემდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა, პროკურატურა, პარლამენტი, სასამართლო საგამოძიებო უწყებები ერთად აყალბებენ ამ საქმეს. არაადამიანურობა არის, როდესაც ამის შემდეგ გამოდის შსს-ს მაღალჩინოსანი და აცხადებს ტელევიზიით, თითქოს მოხდა არა ამ ადამიანის მოტაცება, უკანონო წამება, არამედ სვანურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორს ანგარიშსწორება, ეს არის სიცრუის მანქანის მოქმედება და ეს არის არაადამიანურობა. ადამიანურობა არის ის, როდესაც ახალგაზრდაზე, თინეიჯერზე და მის მეგობრებზე, მისი სტუდიის ბავშვებზე, რომლებიც არიან 10-11-12 წლის გოგონები და ბიჭები, თვეების განმავლობაში მასობრივი შეტევა, ბულინგი ხდება, არამხოლოდ უცენზურო სიტყვებით, არამედ წარმოუდგენელი სიტყვებით. ამის შემდეგ ერთი ადამიანი, ანზორ ჩუბინიძე მიდის იმ ოჯახში, მშობლების, მეზობლების თანდასწრებით ბავშვს ეუბნება, რომ ამ მუქარის უკან რამე ხომ არ დგას, რამეს ხომ არ აპირებთ, მაშინ რად გინდა შვილო, ეგეთ რამეს რომ აკეთებ, წავიდეთ სპორტზე მიგიყვან, სხვაგან მიგიყვან, რაღაც ნორმალურ კალაპოტში ჩადგები, ეს არის ნორმალურობა და ეს არის განსხვავება ორ ღირებულებას შორის, ორ სამყაროს შორის. ჩემი თვალთახედვით, მკაფიო დანაშაულია, როდესაც ადამიანებს იწერენ უკანონოდ, ამაზე აღძრულია საქმე დამნაშავეც დადგინდება და იმედია, დაისჯება კიდევაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ჩანაწერში, რომელიც გავრცელდა, ამოკრეფილია სხვადასხვა სიტყვები და კონპილაციურად არის გაკეთებული, რაც ცუდი მოსასმენია.

„რაც შეეხება ავთენტურობას, ამასთან დაკავშირებით წუხელ არ ყოფილა ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, რაც პირველივე დღეს ვთქვით, რომ არის ათეულობით ჩანაწერი, საიდანაც არის ამოკრეფილი სხვადასხვა სიტყვები, მათ შორის უცენზურო ლექსიკით გამოხატული. ეს არის კონპილაცია გაკეთებული და გაკეთებულია რაღაც ცუდი მოსასმენი ტექსტები, სხვა არანაირ მუქარასთან დაკავშირებით იქ ლაპარაკი არ ყოფილა. ქმედება, რომელსაც არ ყავს დაზარალებული. ბუნებრივია, დანაშაული ვერ იქნება და დანაშაულის ნიშნები ვერ იარსებებს, რა ნიშნებიც არსებობს. დავინახეთ – მივიდა ადამიანი ელაპარაკა, ბავშვმა თქვა, რომ მეტს აღარ ვიზამ და ამის შემდეგ წამოვიდა უკან, ამ საუბარს ესწრებოდნენ მშობლები და მეზობლები, არანაირ მუქარა არანაირი ძალადობა, ბულინგი არ ყოფილა, განსხვავებით იმისგან, რაც ხდებოდა საპირისპირო მხრიდან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.