სოზარ სუბარი - არ მომეწონა ვარლამ გოლეთიანის ზოგიერთი გამოთქმა პოლიციელებთან დაკავშირებით, მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, რომელიც იცავს ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს
სოზარ სუბარი - არ მომეწონა ვარლამ გოლეთიანის ზოგიერთი გამოთქმა პოლიციელებთან დაკავშირებით, მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, რომელიც იცავს ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს

პოლიციელს პატივი უნდა ვცეთ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, სამ მოთხოვნაზე, რომლებიც შეხვედრაზე წამოაყენეს, რამდენიმე დღეში იქნება პასუხი.

„პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც უკვე მართლა რამდენიმე თვეა, ამ აქციის ორგანიზატორები არიან, აბსოლუტურად ემიჯნებიან ყველანაირი ქსენოფობიურ განცხადებას, რომელიც არაერთი მოვისმინეთ და აბსოლუტურად ემიჯნებიან ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომლებიც იქ ჩადიან და სრულიად მიუღებელ მოთხოვნებს აყენებენ, მათ შორის, ზოგჯერ ამ რადიკალურ ჯგუფებს შორის ერთმანეთში დაპირისპირებაც შეიძლება, მოხდეს. ერთი არის მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი, მეორეა გარკვეული რადიკალური პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ჯგუფების პოზიცია, რაც მიუღებელია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის და არ არის კარგი არც ქვეყნის იმიჯისთვის და არც ქვეყნის პოზიციონირებისთვის საერთაშორისო არენაზე. გულწრფელად გითხრათ, წეღან, როცა ვუსმენდი ბატონ ვარლამს, არ მომეწონა მისი ზოგიერთი გამოთქმა, მაგალითად, პოლიციელებთან დაკავშირებით. პოლიციელს პატივი უნდა ვცეთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ. მადლობა მინდა, ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, რომელიც იცავს ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს, გვიცავს კრიმინალისგან. მაგრამ გვერდზე გადავდოთ ეს შეფასებები. იმ სამ მოთხოვნაზეც რამდენიმე დღეში იქნება პასუხი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.