სოზარ სუბარი - არ გამოვრიცხავთ, მარნეულიდან და ბოლნისიდან მინდვრების გავლით გასვლის ორი-სამი შემთხვევა დაფიქსირდეს, მაგრამ ავტომობილებით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია
სოზარ სუბარი - არ გამოვრიცხავთ, მარნეულიდან და ბოლნისიდან მინდვრების გავლით გასვლის ორი-სამი შემთხვევა დაფიქსირდეს, მაგრამ ავტომობილებით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია

არ გამოვრიცხავთ, მარნეულიდან და ბოლნისიდან მინდვრების გავლით ორი-სამი შემთხვევა ფეხით გასვლის დაფიქსირდეს, მაგრამ ავტომობილებით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, რომ შემოვლითი გზები არსებობს, რითაც ავტომობილები გადაადგილდებიან. ყველა ასეთ ინფორმაცია მოწმდება.

„სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ შემოვლითი გზები არსებობს, რითაც ავტომობილები გადაადგილდებიან. ყველა ასეთ ინფორმაციას შესაბამის სტრუქტურებთან ვამოწმებთ და აქამდე პასუხი იყო, რომ ეს გზა გადაკეტილია. მაგალითად, ბოლნისიდან ან მარნეულიდან მანქანა რომ გადის, ხალხს ჰგონია, რომ ისინი წავიდნენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი იძულებული არიან, მუნიციპალიტეტის საზღვარზე გაჩერდნენ და უკან გამობრუნდნენ.

ხშირ შემთვევაში, ეს ინფორმაციები არის შეშფოთებული მოქალაქეების. გარკვეული საფუძველი არის იმაში, რომ მანქანები საიდანღაც გავიდნენ, მაგრამ აღარ იციან, რომ რაიონიდან ვეღარ გავიდა.

არ გამოვრიცხავთ, რომ ორი-სამი შემთხვევა დაფიქსირდეს, სადღაც მინდვრების გავლით ვიღაც ფეხით გადავიდეს, მაგრამ ავტომობილებით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მნიშვნელოვანია, მოქალაქეების სიფხიზლე, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე განგაშის ატეხვა ხდება და ეს მიუთითებს იმაზე, მოქალაქეებს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, ბრძოლა რა გლობალურ საფრთხესთან გვიწევს“, – განაცხდა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს იცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.