სოზარ სუბარი - წულუკიანი წლების განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებას სადარაჯოზე ედგა, რისი საუკეთესო დასტურიც აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაა
სოზარ სუბარი - წულუკიანი წლების განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებას სადარაჯოზე ედგა, რისი საუკეთესო დასტურიც აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაა

პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მისამართით გაკეთებულ განცხადებას უღირს საქციელად აფასებს. როგორც სუბარმა აღნიშნა, თეა წულუკიანი რვა წლის განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებას სადარაჯოზე ედგა.

სუბარის განცხადებით, ამისი ყველაზე კარგი მაგალითი არის გადაწყვეტილება, რომელიც აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მიიღო.

„არ შემიძლია, რამდენიმე სიტყვით ბატონ ელისაშვილს არ ვუპასუხო. დრო იხელთა, იფიქრა, წულუკიანი აქ არ არის და რასაც მინდა, იმას ვიტყვიო. თეა წულუკიანი უკეთესად გასცემდა პასუხს, ვიდრე მე მოვახერხებ, მაგრამ არ არის ძალიან ღირსეული საქციელი ასეთი ქცევა, მით უმეტეს ტყუილების ლაპარაკი. თეა წულუკიანი ამ რვა წლის განმავლობაში მართლაც სადარაჯოზე ედგა ქართულ მართლმსაჯულებას. ამის ყველაზე კარგი დასტური იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ სტრასბურგიდან. ასევე, დასტურია ის საქმე, რომელიც ძალიან მალე დაიწყება ჰააგის სასამრთლოში და არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგიდან მიგვიღია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა: „ყველაზე მეტად მეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე, მან ჩააფლავა მართლმსაჯულება“.

ამ განცხადების შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს მიმართა:

„ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, მანამდე მელიამ თუ არ გაგიტანათ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.