სოზარ სუბარი - ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა მძიმე დანაშაული, იქნება დაჭერილი და წარდგება მართლმსაჯულების წინაშე
სოზარ სუბარი - ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა მძიმე დანაშაული, იქნება დაჭერილი და წარდგება მართლმსაჯულების წინაშე

ნორმალურია, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ათავისუფლებს ყველა მძევალს დანაკარგის გარეშე, – ამის შესახებ სამგორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა მძიმე დანაშაული იქნება დაჭერილი.

„ძალიან კარგად მესმის იმ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების, რომლებსაც ძალიან სტკივათ ის, რომ არ განმეორდა ბესლანი და ნორდოსტი, მაგრამ არ განმეორდება. გითანაგრძნობთ ამას და ვულოცავ მოქალაქეებს, რომ ოპერაცია დამთავრდა უსისხლოდ. ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა მძიმე დანაშაული, იქნება დაჭერილი და წარდგება მართლმსაჯულების წინაშე.

არანორმალურია, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ითხოვს ორ გრამს და როცა ამას ვერ აღწევს, რამდენიმე დღის მერე ორ ადამიანს, საქართველოსთვის მებრძოლ გმირებს, ცხრილავენ მანქანაში, ეს არის არანორმალური. ნორმალურია, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ათავისუფლებს ყველა მძევალს დანაკარგის გარეშე. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ავთანდილ გალდავას, მართლაც გმირ ადამიანს.  დამნაშავე იქნება დაჭერილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.