სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭო შეუჩერებლად მუშაობს
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭო შეუჩერებლად მუშაობს

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭო შეუჩერებლად მუშაობს.

მისი თქმით, პრაქტიკულად ყოველდღე ხდება შეხვედრა – ეს არის ეკონომიკური, ჯანდაცვის, ძალოვნების ჯგუფები.

„ეს ყველა მიმართულება არის მნიშვნელოვანი. მსჯელობენ, როგორ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა, როგორ გადავარჩინოთ ეკონომიკა, რათა კრიზისი რომ გადაივლის, რესტარტი იყოს გაცილებით ადვილი; როგორ დავიცვათ წესრიგი, ეს ყველაფერი უნდა მუშაობდეს შეუფერხებლად.

დღეს იყო ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრა. დაიგეგმა მთელი რიგი გადაწყვეტილებები. პირველი რიგის გადაწყვეტილება არის, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სოციალურად ყველაზე დაუცველი მოქალაქეების მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და დავეხმაროთ თითოეულ მათგანს, რომ როგორ გადავლახოთ ეს კრიზისი. ასევე იყო საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში უმუშევრები რჩებიან, კომპანიები იძულებული გახდნენ, რომ გაჩერებულიყვნენ. ვიმსჯელეთ, რა გავაკეთოთ, რომ მათი მდგომარეობა იყოს გადალახვადი და ხვალ, ზეგ მათ ადვილად შეძლონ მუშაობის დაწყება. ასევე, რა გავაკეთოთ რეგიონებში, რადგან დღეს პრაქტიკულად ეს არის კრიზისი, რომელიც შეეხო ყველა რეგიონს, ყველა ქალაქს, ყველა სოფელს, ყველა ოჯახში შეაღწია და მაქსიმალურად რომ თანაბრად იყოს თითოეულ რეგიონში ვითარება კონტროლირებადი“, – აცხადებს სუბარი.

მისივე თქმით, არის სფეროები, სადაც ნარჩუნდება ეკონომიკური აქტივობა.

„ეს არის სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი, ინფრასტრუქტურული სექტორები, ანუ ის სექტორები, სადაც დახურულ სივრცეში ნაკლებად უწევთ ადამიანებს ყოფნა, თუმცა არის სექტორები, რომელთა შენარჩუნებაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, რამდენიმე დღეა, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი ჩაერთო პირბადეების კერვაში, სპეციალური აღჭურვილობის კერვაში, სადეზინფექციო ხსნარების გაკეთებაში, ანუ ის რაც ნაკლებად შემოდის დღეს, ყველა ქვეყანამ დაკეტა საზღვრები ამ მიმართულებით და მაქსიმალურად რომ გადაერთოს ჩვენი წარმოება ადგილზე ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების ადგილზე გაკეთებაში. ასევე, არ ჩერდება სატრანზიტო მიმოსვლა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.