სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე Freedom House-ის შეფასება მცდარია
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე Freedom House-ის შეფასება მცდარია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე Freedom House-ის შეფასება მცდარია.

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.

“მინდა გითხრათ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ამ ცვლილებებით საქართველოს საკონსტიტუციო მოწყობა არის გაცილებით წინ, ვიდრე იყო მანამდე და ვიდრე იყო ოდესმე. Freedom House-მა რითი იხელმძღვანელა, არ ვიცი. როდესაც ამის საფუძვლად არის აღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, მიმაჩნია, რომ Freedom House ცდება. საკონსტიტუციო ცვლილებები დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. მას 100-დან 64 ქულა აქვს მინიჭებული. ეს მაჩვენებელი საქართველოსთვის ბოლო სამი წელია უცვლელია.

„მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორებები, რაც მისი მფარველი მილიარდერის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოს გახდის, რომ გატეხილი ოპოზიცია მომავალ არჩევნებზე ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს  და პოტენციურად გაამყარებს პარტიის მხრიდან კონტროლს მომავალ წლებში“, – ნათქვამია ანგარიშში.