სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ხელედულა-3 ჰესის“ პროექტზე ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მოსახლეობას შეხვდება
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ხელედულა-3 ჰესის“ პროექტზე ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მოსახლეობას შეხვდება

„ხელედულა-3 ჰესის“ პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გავეცნობი და ამის შემდეგ მოსახლეობას შევხვდები, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი დღეს ლენტეხში აქციის მონაწილეებს უნდა შეხვედროდა, სადაც „ხელედულა-3 ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ, თუმცა, როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა განაცხადა, შეხვედრა გაურკვეველი მიზეზითა და ვადით გადაიდო.

„მოვისმენ მოსახლეობის პოზიციას და მათ დასმულ კითხვებს. აქაც შევხვდები, იქაც ჩავალ და მაქსიმალურად ვეცდები, გავერკვიო ამ პროექტის ავკარგიანობაში. ამ პროექტს კარგად არ ვიცნობ და ძალიან გამიჭირდება ვილაპარაკო მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გვჭირდება ენერგეტიკა, საქართველოს აქვს განვითარების შანსი, თუ არ გამოვიყენებთ იმ რესურსებს გონივრულად, რომელიც გვაქვს.

ენერგეტიკის სფეროში ერთადერთი ტრადიციული რესურსი ჩვენი წყლის ენერგეტიკაა, რომელიც გვაძლევს შანსს, განვავითაროთ არა მარტო ენერგეტიკა, არამედ ეკონომიკა. ამ მხრივ, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ არ დავაზიანოთ გარემო და იყოს მოსახლეობასთან შეთანხმებული. ადგილობრივები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართული და მათთვის მომგებიანი უნდა იყოს. ნებისმიერი პროექტისთვის ეს ყველა კომპონენტი უნდა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ლენტეხში აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ფიქრობენ, რომ რაიონს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.

ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მშენებლობის დაწყებისა და ჰესის აშენების შემთხვევაში, ორასზე მეტ ოჯახს დატბორვა ემუქრება, ხეობა მოსახლეობისგან დაიცლება, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და 600-ზე მეტი ადამიანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.