სოზარ სუბარი - 20 ივნისის შედარება 7 ნოემბერთან და 26 მაისთან აბსოლუტურად შეუძლებელია
სოზარ სუბარი - 20 ივნისის შედარება 7 ნოემბერთან და 26 მაისთან აბსოლუტურად შეუძლებელია

20 ივნისის შედარება 7 ნოემბერთან და 26 მაისთან აბსოლუტურად შეუძლებელია, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 7 ნოემბერს და 26 მაისს მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ, 20 ივნისს კი ადგილი ჰქონდა პარლამენტზე შტურმს და პოლიციელებზე თავდასხმას.

„20 ივნისის შედარება 7 ნოემბერთან და 26 მაისთან აბსოლუტურად შეუძლებელია. არ არის შედარებადი, რადგან მე იქ ვიყავი 7 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში, დილიდან საღამოს „იმედში“ შეჭრამდე.

დილა დაიწყო აბსოლუტურად მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმით, გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევით და დამთავრდა „იმედში“ შეჭრით, ჟურნალისტების, იქ მყოფი პარლამენტის წევრების, იქ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ცემით. ამის შემდეგ „იმედი“ არა მხოლოდ წაართვეს მის მფლობელს, არამედ გაუთიშეს მაუწყებლობა ტელეკომპანია „კავკასიას“, ტელეკომპანია „25-ე არხს“  ბათუმში და ჩემი ჩარევა რომ არ ყოფილიყო, მათი აღდგენა არც მოხდებოდა რამდენიმე დღის შემდეგ. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, მისი მესაკუთრისთვის დაბრუნება მოხერხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ამ დანაშაულს ჰყავს ძალიან სერიოზული შემოქმედები და თითოეულმა მათგანმა უნდა აგოს პასუხი. როგორც ცნობილია, ზოგი დღესაც იხდის სასჯელს, ზოგი ძებნაშია.

რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისს მოხდა გაუგონარი რამ, რაც არ გაუკეთებია რუსეთის სპეცრაზმს 9 აპრილსაც კი. საქართველოს საპოლიციო ჯარებმა, და არა მარტო, მთლიანად ალყაში მოაქციეს მომიტინგეები ისე, რომ მათ არ მისცეს გაქცევის საშუალება, უსასტიკესად სცემდნენ არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ შემდეგაც, როდესაც დაკავებულები გადაიყვანეს პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში.

20 ივნისს ყველამ ვიხილეთ, რომ ეს იყო უსასტიკესი შტურმი პარლამენტზე, როდესაც მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ესროდნენ მათ ქვებს, ურტყამდნენ, პოლიციელებს იტაცებდნენ რიგებიდან და ყრიდნენ მათ საჭურველს, რაც დასჯადია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. კარგად ვიცით, რომ მსგავსი ქმედების გამო, კონგრესის შენობაზე თავდასხმის გამო, შეერთებულ შტატებში ხუთასამდე ადამიანი უკვე დაკავებულია და ძიება გრძელდება იქაც. შიდა ტერორიზმი უწოდეს ამ აქტს და ის რაც არის შიდა ტერორიზმი შეერთებულ შტატებში, შიდა ტერორიზმია საქართველოშიც, გერმანიაშიც ინგლისშიც და ყველგან. ამიტომ ეს არის აბსოლუტურად არაშედარებადი მოვლენები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში შეტანას „გირჩი“ ორშაბათს, 24 მაისს გეგმავს.

დატოვე კომენტარი