სოზარ სოზარი - ჩემი სახალხო დამცველობის დროს არ ყოფილა მოხსენება, რომელშიც არ ასახულიყო ჟურნალისტების ცემის ფაქტები მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, აღარაფერს ვამბობ რეზინის ტყვიების სროლაზე
სოზარ სოზარი - ჩემი სახალხო დამცველობის დროს არ ყოფილა მოხსენება, რომელშიც არ ასახულიყო ჟურნალისტების ცემის ფაქტები მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, აღარაფერს ვამბობ რეზინის ტყვიების სროლაზე

ჩემი სახალხო დამცველობის პერიოდში არ იყო მოხსენება, რომელშიც ჟურნალისტების ცემის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები არ ყოფილიყო, დღეს არათუ იგივე პრობლემები არ არის, არამედ ცა და მიწასავით განსხვავდება ახლა ვითარება, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„მედიის თავისუფლება შეიძლება, დავყოთ ორ ნაწილად, რა არის კანონმდებლობაში და რა არის პრაქტიკა. საქართველოს კანონმდებლობა ნამდვილად იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და თუ ავიღებთ ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა თავისუფლებას შორის, ხშირად ეს ბალანსი დარღვეულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, გადახედა საკუთარ მოხსენებებს, რომლებსაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნისას (2004-2009 წლები) ამზადებდა.

„არ არის არც ერთი მოხსენება, რომელშიც არ იყოს ჟურნალისტების ცემის, ჟურნალისტებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, როგორიც არის პოლიციის უფროსი, გუბერნატორი. ზუგდიდში იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტი ჩაკეტეს ოთახში, რომ გაემხილა თავისი კონფიდენციალური წყარო. ასეთი შემთხვევები იყო. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, ავტომატ კალაშნიკოვებით როგორ დაცხრილეს „იბერია“, როგორ მოხდა შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“, როგორ აღუკვეთეს იქაც ჟურნალისტებს თავისუფლება და რეზინის ტყვიებს ესროდნენ. ექვსი ტელევიზია, რომელიც წაართვეს ყოფილ მფლობელებს, ან საერთოდ დახურეს და სხვა მფლობელს გადასცეს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტები დღეს არ არსებობს.

„დღეს არის კანონი, რომლის მიხედვითაც, ზუსტად რამდენიმე დღეშია შესაძლებელი ახალი ტელევიზიის დაარსება და ეთერში გასვლა. მერე ყველაფერი არის ჟურნალისტზე, თუ მედიის მფლობელზე დამოკიდებული, მათ შესაძლებლობებზე. დღეს არათუ იგივე პრობლემები არ არის, არამედ ცა და მიწასავით განსხვავდება ახლა ვითარება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.