სოტბის აუქციონზე კლოდ მონეს ნახატი „თივის ზვინი“ რეკორდულ ფასად, 110,7 მილიონ დოლარად გაიყიდა
სოტბის აუქციონზე კლოდ მონეს ნახატი „თივის ზვინი“ რეკორდულ ფასად, 110,7 მილიონ დოლარად გაიყიდა

სოტბის აუქციონზე ფრანგი მხატვრის, კლოდ მონეს ნამუშევარი რეკორდულ ფასად, 110,7 მილიონ დოლარად გაიყიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია აუქციონის სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

ხელოვნების ნიმუში იმპრესიონისტი მხატვრების აქამდე გაყიდულ ნამუშევრებს შორის ყველაზე მაღალ ფასად გაიყიდა. ამასთან ერთად, ნახატმა მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშების სიაშიც დაიკავა ადგილი.

ფრანგი იმპრესიონისტის მიერ 1890 წელს შესრულებული ნამუშევარი თივის ზვინების სერიის ნაწილია. მასზე ნორმანდიის რეგიონში, მხატვრის საცხოვრებელთან ახლოს არსებული პეიზაჟია გადატანილი.

ხელოვნების ნიმუში ბოლო აუქციონზე 1986 წელს გაყიდეს. მაშინ ფრანგი იმპრესიონისტის ნახატი 2,5 მილიონ დოლარად გაიყიდა, მანამდე კი, თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ერთი ოჯახის საკუთრება იყო. კლოდ მონეს ნახატის ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია.