სოსო ვახტანგაშვილი - მაჟორიტარების ინსტიტუტი ვადაგასულია, ქვეყანაში სისტემური ცვლილება მომწიფდა
სოსო ვახტანგაშვილი - მაჟორიტარების ინსტიტუტი ვადაგასულია, ქვეყანაში სისტემური ცვლილება მომწიფდა

პროპორციული არჩევნები არის ის სისტემური ცვლილება, რომელიც შეძლებს, ქვეყანას სწორ პოლიტიკურ პლატფორმაზე შედგომის საშუალება მისცეს, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ წევრმა, სოსო ვახტანგაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ეს იქნება კონკურენციის გაჩენა პოლიტიკურ პარტიებში და ყველა სხვა არგუმენტი, რომელიც შეიძლება, მაჟორიტარებმა მოიყვანონ, არ სცილდება მათ სამაჟორიტარო ოლქს. ისინი ამბობენ, რომ რეგიონებს წვდომა არ ექნებათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რაც რბილად რომ ვთქვა, ძალიან დიდი სისულელეა“, – – განაცხადა ვახტანგაშვილმა.

მისი თქმით, უნდა გაცოცხლდეს თვითმმართველობის რეალური ფუნქცია და ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა მიენიჭოთ ფუნქცია, რასაც ადგილობრივ პრობლემატიკაზე რეაგირება ჰქვია, იქნება ეს კომუნალური, სოციალური თუ პოლიტიკური, მაგრამ ადგილობრივი დატვირთვის.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი დეპუტატები და შესაბამისად, ეს ინსტიტუტი ყველგან გამართულად უნდა მუშაობდეს. უნდა მოვახდინოთ ფინანსური ინსტრუმენტების დელეგირება და თუ რეალური თვითმმართველობა გვინდა, მათ რეალური ფინანსური საშუალებები უნდა მივცეთ, რომ საკუთარი მუნიციპალიტეტები მართონ. ამაში მაჟორიტარები მხოლოდ ხელს უშლიან, ვინაიდან ისეთ ფუნქციებში ერევიან, რომელიც მათი საქმე საერთოდ არ არის“, – განაცხადა ვახტანგაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შეუწყობს ხელს სისტემის ცვლა თვითმმართველობის განვითარებას და გაქრება თუ არა ამით რეგიონის წარმომადგენლობა საპარლამენტო ცხოვრებიდან, სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა, რომ მაჟორიტარები ყველა ხელისუფლებას საკუთარი ძალაუფლების გასამტკიცებლად სჭიდებოდა და არა რეგიონებში პრობლემების მოსაგვარებლად. 

მისი თქმით, მაჟორიტარების ინსტიტუტი ვადაგასული ინსტიტუტია, ქვეყანაში სისტემური ცვლილება მომწიფდა და თუ „ქართული ოცნება“ ამ სისტემური ცვლილების წინააღმდეგ წავა, ამისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„შესასრულებელია ის პირობა, რომელიც საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერმა მისცა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით. უკვე, ყველა ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლოა, პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს და ეს ასეც მოხდება. არ ვიცი, „ქართული ოცნება“ ასეთ რყევებს როდემდე და სანამდე გაუძლებს, მაგრამ გარკვეული ტიპის კონსოლიდაცია გაგრძელდება. თუ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა და ამ ხელისუფლებამ 2020 წლის არჩევნებამდე მიაღწია, როგორც იკვეთება, უზურპატორი ხელისუფლების მიმართ იქაც სერიოზული კონსოლიდაცია იქნება. ამ შემთხვევაში, გული მწყდება, როდესაც ამაზე ვსაუბრობ და იმედს ვიტოვებ, „ქართულ ოცნებაში“ საღი აზრი გაიმარჯვებს და ეს არ მოხდება. იმედი მაქვს, ხელისუფლებაში ცვლილებები ზემოდან მოხდება და არა ქვემოდან. თუ „ქართულ ოცნებაშიც“ ასე ფიქრობენ, მაშინ ჩვენ ავიცილებთ იმ ცუდ სცენარს – დესტაბილიზაციას და ქაოსს“, – განაცხადა ვახტანგაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ მმართველმა გუნდმა გარისკოს და ქვეყანა სასიცოცხლო საფრთხეების წინაშე დადგეს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს, არამედ იმ არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოს, რაც ქვეყანაშია. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება მიხვდება და თავის ქვეყანას არ გაწირავს დესტაბილიზაციისთვის და ქუჩის მღელვარებისთვის, რომელიც სრულიად შესაძლებელია, ამ თემის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიმართოს და ხელისუფლება საკმაოდ სერიოზულად დააზიანოს“, – განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.