
გვახსოვს პერიოდი, როცა წლების წინ ნამდვილად ტელევიზიის გარეთ ხდებოდა საინფორმაციოს გეგმის განსაზღვრა. პირდაპირ იგზავნებოდა პოლიტიკურ ჯგუფთან საინფორმაციოს გეგმა, იყო სარედაქციო დამოუკიდებლობის ტოტალური დარღვევა. ასეთი ტიპის დამახინჯებულ ჟურნალისტიკას ჩვენ, რამდენიმე წელია, დავაღწიეთ თავი, – ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, სოსო სტურუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, რედაქციას უნდა მიეცეს დამოუკიდებლობა და სტუმრის ვინაობა განსაზღვროს მხოლოდ მან, ვინც გადაცემას ამზადებს, რადგან სხვა ფორმულა დამოუკიდებლობის არ არსებობს.
„საერთოდ, ჟურნალისტებმა ყველამ ვიცით – რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, აქ მომუშავე ჟურნალისტმა – საინფორმაციო ტიპის გადაცემებში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში რას ნიშნავს სარედაქციო დამოუკიდებლობა. გადასაღები თემების რაობას, თემების თანმიმდევრობას, სტუმრების ვინაობას განსაზღვრავენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ გადაცემას ამზადებენ და, ასე ვთქვათ, რედაქცია. თუკი გარედან ჩაერევა ვინმე, სხვა პერსონა სტუმრის შერჩევაში, თუგინდ ის უფრო გამოცდილი იყოს, ეს უკვე სარედაქციო დამოუკიდებლობის დარღვევაა. ყველამ იცით ეს პრინციპი.
ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, როცა წლების წინ ტელევიზიის გარეთ ხდებოდა ნამდვილად საინფორმაციოს გეგმის განსაზღვრა. პირდაპირ იგზავნებოდა პოლიტიკურ ჯგუფთან საინფორმაციოს გეგმა და ასევე ტელევიზიის გარედან ისაზღვრებოდა დასაპატიჟებელი სტუმრების შავი სია, დასაპატიჟებელი სტუმარი და თემა რა უნდა ყოფილიყო, ეს ბუნებრივია, სარედაქციო დამოუკიდებლობის ტოტალური დარღვევა იყო. ჩვენ ამ სიტუაციას და ასეთი ტიპის დამახინჯებულ ჟურნალისტიკას, უკვე რამდენიმე წელია, დავაღწიეთ თავი. და დღეს რასთან გვაქვს საქმე? იმავესთან? არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სუბიექტი იქნება ეს და რა კეთილი სურვილებიც არ უნდა ჰქონდეს მას. კეთილი სურვილი შეიძლება იყოს ერთადერთი, რომ რედაქციას მიეცეს დამოუკიდებლობა და სტუმრის ვინაობა უნდა განსაზღვროს მხოლოდ და მხოლოდ მან, ვინც გადაცემას ამზადებს. სხვა ფორმულა დამოუკიდებლობის არ არსებობს“, – განაცხადა სოსო სტურუამ.
ამასთან, სტურუამ აღნიშნა: „ტელევიზიის წინ როცა არის აქცია, მაშინ რედაქტორმა, პროდუსერმა, წამყვანმა, შეიძლება, აქციის ორგანიზატორს სთხოვოს, გამოუშვი 3-4 ადამიანი, ვინც გინდა, ვინც იტყვის აქციის მონაწილეთა აზრს. ეს სხვაა, თორემ ყოველდღიურად შენ გამოგიგზავნოს სტუმრები, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია“.
ამასთან, სოსო სტურუას განმარტებით, სამეურვეო საბჭოს დანიშნულებაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დისტანცირება პოლიტიკური ჯგუფებისგან. როგორც სტურუამ აღნიშნა, როცა თავად საბჭოს წევრს შემოაქვს პოლიტიკური ტენდენცია საბჭოს შიგნით, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საბჭოს ფუნქციას.
„ძალიან გული დამწყდა, რომ ჩვენი საბჭოს 11-ვე წევრი არ არის დღევანდელ გადაცემაში წარმოდგენილი. პოლიტიკურ დებატებს ახასიათებს პარიტეტი, პარიტეტი უნდა იყოს დაცული პოლიტიკურ დებატებში. საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრი დანიშნულება აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს რაც შეიძლება დისტანცირებული პოლიტიკური ორგანოსგან, პოლიტიკოსებისგან.
ამიტომაც არის, რომ პარლამენტი ირჩევს სამეურვეო საბჭოს და სამეურვეო საბჭო შემდეგ ნიშნავს დირექტორს, განაგებს ბიუჯეტს და ა.შ. სამეურვეო საბჭოს დანიშნულებაა, რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დისტანცირება პოლიტიკური ჯგუფებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ თავად პარლამენტი დანიშნავდა დირექტორს, ხომ? როცა თავად საბჭოს წევრს შემოაქვს პოლიტიკური ტენდენცია საბჭოს შიგნით, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საბჭოს ფუნქციას.
როგორ შეიძლება, რაიმე პარიტეტზე ვილაპარაკოთ, აქ არის 11 ადამიანი, რომელიც, კანონის მიხედვით, არ უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით არჩეული, ირჩევენ პოლიტიკური ჯგუფები, მაგრამ კრიტერიუმებია ისეთი საბჭოს წევრის არჩევის დროს, რომ საბჭოს წევრი არ არის პოლიტიკოსი და თუ მოხერხდება, არ უნდა იყოს აფილირებული არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან. ასეთი საბჭო, რომლის მოვალეობაა, რომ ტელევიზია მართოს, ტელევიზიის პრიორიტეტები გაწეროს და ბიუჯეტზე იმუშაოს, ეს საბჭო თუ გამართულად მუშაობს, როგორ შეიძლება, წევრებს შორის იყოს პოლიტიკური დაპირისპირება? პოლიტიკური დაპირისპირება თუ შემოვა საბჭოს წევრებს შორის, ეს იქნება თავად საბჭოს ფუნქციების გარღვევა“, – განაცხადა სოსო სტურუამ.
სოსო სტურუა ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ხალხის ხმა ისმის.
„ჩვენ ნუ დავივიწყებთ უახლოეს წარსულს. თითოეულ ჩვენგანს გვახსოვს ის პერიოდი, როცა ტელევიზიის წინ მოდიოდა აქცია, მიტინგი და პირველ არხს რომ ჩართავდი, საერთოდ ვერ გაიგებდი, იქ მიტინგი იყო თუ რა ხდებოდა. მართლაც დახშული იყო ეთერი ხალხისთვის. მაშინ ვფიქრობდი, რომ, ცოტა ხნით მაინც, რამდენიმე გამომსვლელი გამოიყვანონ ეთერში, ამხელა დაძაბულობა ხომ არ იქნება-მეთქი, მაგრამ ჩემს ფიქრებს ვინ დაუჯერებდა? დღეს რა სურათი გვაქვს – როცა მიტინგი მოემართება ტელევიზიისკენ, თუ გინდა, ტელევიზიისკენ არა და და სხვა ადგილას, პირდაპირ ეთერში გამოდის მიტინგზე ყველა გამომსვლელი. როცა რამდენიმე წლის წინ ისეთი სურათი იყო და დღეს კიდევ ეს გვაქვს, როგორ შეიძლება თქვა, რომ ხალხის ხმა ეთერში არ ისმის? რა თქმა უნდა, ისმის“, – განაცხადა სოსო სტურუამ.