სოსო რობაქიძე მურმან დუმბაძეს მიმართავს - თქვენ თუ გირგვლიანის ამბავი, იმ რეჟიმის მსხვერპლები არ იცით, საერთოდ რა გინდათ პოლიტიკაში
სოსო რობაქიძე მურმან დუმბაძეს მიმართავს - თქვენ თუ გირგვლიანის ამბავი, იმ რეჟიმის მსხვერპლები არ იცით, საერთოდ რა გინდათ პოლიტიკაში

სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი სანდრო გირგვლიანზე მურმან დუმბაძის განცხადების შემდეგ. ბატონო მურმან, „ოცნების“ მხარეს როცა იდექით, ხან ერთ ხელს იჭრიდით, ხან მეორეს, მაშინ იძახდით, 5 ნომერს ნუ შემოხაზავთო. სანდრო გირგვლიანის ამბავი, იმ რეჟიმის მსხვერპლები თუ არ იცით, საერთოდ რა გინდათ პოლიტიკაში, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სოსო რობაქიძე გამოეხმაურა „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთი ლიდერის, მურმან დუმბაძის განცხადებას, სადაც დუმბაძე აღნიშნავს: „მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა. მე და თქვენ ვსხედვართ, მესამე პიროვნება მოდის და გვერევა ურთიერთობაში, რა წესია, მორალურად ვილაპარაკოთ“.

სოსო რობაქიძის შეფასებით, მურმან დუმბაძემ თქვა ის, რაც არავის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც კი არ უთქვამთ.

„სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი გუშინ სანდრო გირგვლიანზე მურმან დუმბაძის განცხადების შემდეგ. ვინ არ დამირეკა, იმდენი ადამიანი განიცდის. ემოციაში ვარ და არ მინდა, რამე ისეთი ვაკადრო, მაგრამ, ბატონო მურმან, როდესაც „ოცნების“ მხარეს იდექით და ხან ერთ ხელს იჭრიდით, ხან მეორეს, მაშინ იძახდით, 5 ნომერს ნუ შემოხაზავთო. თქვენ თუ სანდრო გირგვლიანის ამბავი არ იცით, იმ რეჟიმის მსხვერპლები არ იცით, საერთოდ რა გინდათ პოლიტიკაში და რატომ ხართ პოლიტიკაში. ცოტა ხანი სახლში იყავით, თბილისში ნუ ჩამოხვალთ, იმდენი ადამიანი არის გაღიზიანებული, რომ ნამდვილად შეურაცხყოფას მოგაყენებენ.

გუშინ რაც თქვით, ასეთი რამ არავის, „ნაცებსაც“ კი არ უთქვამთ. სანდრო გირგვლიანი გადახტა, არავის მოუკლავსო, ასეთი რაღაც თქვით და, ბატონ მურმან, რა შელაპარაკებაც არ უნდა ყოფილიყო იქ, თუ იცით, სანდრო გირგვლიანს რა უნდოდა ოქროყანაში სასაფლაოზე? ადამიანები რამეს თუ აშავებენ, მიჰყავთ პოლიციაში და რა უნდოდა იქ დეპარტამენტის დირექტორებს და მოადგილეს? ალბათ ისიც არ იცით, დასერილი რომ იყო და არ იცით, რა დღეში იყო სანდროსთან ერთად მყოფი მეორე პიროვნება. იმ პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, რომელსაც დღეს უნდა, წავიდეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ და ორ კვირაში ცხენივით გახდება, ისეთი ჯანმრთელი იქნება, ზუსტად მისი დანერგილია, ის უნთებდა მწვანეს ყველას, რომ ასე მოქცეულიყვნენ, შემდეგ პასუხისმგებლობა ნაკლები ყოფილიყო და შეეწყალებინათ. მურმან, მინდა გითხრათ, ეჭვი მეპარება თქვენს კაცობაში, ქართველობაში და საერთოდ, თქვენნაირი პოლიტიკოსი ვერ აზროვნებს, რომელ პარტიას სჭირდება, არ ვიცი. მიცვალებულები მაინც დაასვენეთ, ირინა ენუქიძე დაიწვა და დაიფერფლა, რაც გაუკეთა რეჟიმმა. თუ რამის თავი გაქვს და თბილისში ხარ, მოდი სამ საათზე ორბელიანზე, თუ არ ხარ ლაჩარი, მოდი“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ამასთან, სოსო რობაქიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მეორე ხელით ხელს მოაწერს თავის გადადგომას.

„მინდა, ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ქალბატონო პრეზიდენტო, სააკაშვილს თუ შეიწყალებთ, ზუსტად იცოდეთ, რომ ერთი ხელით ხელს მოაწერთ შეწყალებაზე, მეორე ხელით მოაწერთ ხელს თქვენს გადადგომას. სულერთია, არც მანდ გაგაჩერებთ და არც საქართველოში. საქართველოში ნომერ პირველი ჯალათი, რომელსაც ჰქვია სააკაშვილი, რომელიც ციხეში შეკრებითობით ტენიდა ხალხს, თურმე აპარტამენტში ვერ ძლებს, დღეში 50 კაცი ნახულობს. რომელ მთავარსარდალზეა საუბარი, ხალხო, ასეთი ლაჩარი მთავარსარდალი საქართველოს თუ უნდა ჰყავდეს, აღარ ყოფილა საშველი. კაცი, რომელიც გორში მუხლით ხოხავდა, ჰალსტუხს ჭამდა, კაცი, რომელიც დღეს ციხეში ვერ ძლებს. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თუ რეჟიმს ებრძვით, იმის თავიც უნდა გქონდეთ, რომ ციხეშიც გაძლოთ. თქვენი ერთადერთი პრობლემა არის, რომ დაბადებიდან გიჟი ხარ, არანორმალური, სააკაშვილო, მოგიწევს, მანდ ექვსი წელი გაძლო. მინდა, ვუთხრა „ოცნებას“, სააკაშვილმა რაც გააკეთა საავადმყოფოში, რა არ ესროლა ექიმებს, ეს რომ ვინმეს ციხეში გაეკეთებინა, დაუმატებდნენ თუ არა წლებს იმ ხალხს? არავის არ უნდა ამ კაცის სიკვდილი, მაგრამ უნდა გადაიყვანონ ციხეში, თორემ ჩვენნაირი ხალხისთვის ტანჯვაა, რომ ეგ არის კომფორტში. თავის გაკეთებულ ციხეებში რომ მოხვედრილიყო, წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა და დღეს არის კომფორტში ეს კაცი, რომელსაც ამდენი უბედურება აქვს გაკეთებული და რომელმაც მურმან დუმბაძისნაირები შობა. 1 500 ქალი აწერს ხელს პეტიციასო, ვინ არიან და რა უნდათ? ზოგს შეიძლება, „ნაცებისგან“ ფული აქვს აღებული და აწერს ხელს. თქვენ გააღვიძეთ ის ხალხი, ვინც მიტინგზე მოვა. ჩვენ არ ვერეოდით ამ სიტუაციაში, მაგრამ გააღვიძეთ ის ხალხი, ვინც ერთხელ თქვენ გადაგტეხათ ხერხემალში“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.