სოსო რობაქიძე – ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა
ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
სოსო რობაქიძის თქმით, ბაშალეიშვილისთვის, სულ ცოტა, 15 წელი უნდა მიესაჯათ.
„ის, რომ ბაშალეიშვილი სამი წლით დაიჭირეს, რომელსაც, სულ ცოტა, 15 წელი ეკუთვნოდა, ამას ჰქვია ახალი გარემოება, რომლის დროსაც საქმე შეიძლება დაიშალოს და მე ეს ხელში მეჭირა. ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
ამასთან, კომისიის სხდომაზე სოსო რობაქიძემ გაიხსენა ირაკლი ოქრუაშვილთან ერთ-ერთი საუბარი იმ პერიოდიდან, როცა, რობაქიძის თქმით, ოქრუაშვილი სასამართლოში მოწმის სახით იყო დაბარებული.
„ოქრუაშვილმა რაც გააკეთა, ყველამ იცის. ოქრუაშვილი სასამართლოში მეუბნება, სოსო, ხომ იცი შენი შვილის მკვლელი, მოგცემ იარაღს და მოკალიო. ამას რომ გეტყვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ოქრუაშვილი მოწმედ იყო დაბარებული სასამართლოში და იქ ვნახე“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.