სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მოწმე ყვება, რომ ქუთათელაძეს ბიზნესგარიგებებზე უთანხმოება ჰქონდა
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მოწმე ყვება, რომ ქუთათელაძეს ბიზნესგარიგებებზე უთანხმოება ჰქონდა

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმე ჩვენებაში ყვება, რომ ქუთათელაძეს რამდენიმე ბიზნესგარიგებასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა. რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილის დაკითხვის ოქმი პირველმა არხმა ექსკლუზიურად მოიპოვა.

მოწმე ყვება, რომ ქუთათელაძე, ბოლო პერიოდში, ერაყში თამბაქოს გატანის საქმეში ჩაერთო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მას ამ საქმიდან თანხები სრულად არ ერიცხებოდა, რის გამოც ქუთათელაძეს პარტნიორების მიმართ, რომელთა შორის ერთ-ერთი ისრაელში მცხოვრები გავლენიანი პირი იყო, უნდობლობა გაუჩდა.

ჩვენების მიხედვით, ამის შემდეგ სამსონ ქუთათელაძემ სიგარეტის ბიზნესის გასაგრძელებლად ალტერნატიული გზების მოძიება და ამ საქმიანობის სხვა პარტნიორებთან ერთად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

მოწმე ჩვენებაში ყვება, რომ ქუთათელაძის ყოფილ პარტნიორებს ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ადმინისტრაციაში სანდო პირი ჰყავდათ. ამ პირთან კი, მოწმის ამავე ჩვენებით, ქუთათელაძეს უთანხმოება რამდენჯერმე ჰქონდა და ძირითადად ეს ეხებოდა თანხებს, რომელიც ბაზრობის საერთო შემოსავალს აკლდებოდა.

პირი, რომლის შესახებაც მოწმე ჩვენებაში საუბრობს, ბაზრობის ტერიტორიაზე მისულ პირველი არხის გადამღებ ჯგუფს ადგილზე არ დახვდა, მან არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ რაც, ბაზრობას შემოსავლის ნაწილში თანხების კლება ჰქონდა. ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილემ ქუთათელაძემ გადაწყვიტა, საკუთარი ნდობით აღჭურვილი ბუღალტერი დაენიშნა. დღემდე ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ფინანსურ ოპერაციებს სწორედ ეს ბუღალტერი აღრიცხავს.

მოწმე ჩვენებაში ყვება, რომ მკვლელობის დღეს ის სამსონ ქუთათელაძეს ოჯახური პრობლემების გამო გაეთავისუფლა, მომხდარის შესახებ კი ისრაელიდან განხორციელებული ზარით, ბიზნესპარტნიორისგან შეიტყო.

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.