სოსო მანჯავიძე - 2019 წელი დახუნძლული იყო დრამატული მოვლენებით
სოსო მანჯავიძე - 2019 წელი დახუნძლული იყო დრამატული მოვლენებით

2019 წელი დახუნძლული იყო დრამატული მოვლენებით, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, სოსო მანჯავიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს იყო საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, რომელმაც უდიდესი კრიზისი გამოიწვია თვითონ საზოგადოებაში, გულისწყრომა და ა.შ. ეს პერმანენტულად მიმდინარეობდა და თავის კულმინაციას მიაღწია მეუფე პეტრეს განცხადებით და მისი შემდგომი განყენებით; რა თქმა უნდა, გამოვყოფდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე და „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს; გამოვყოფდი სასამართლოს საკითხს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა მმართველი გუნდისთვის. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან საოცარია ოპოზიციის ტრანსფორმაცია ამ საკითხთან მიმართებაში და ეს სიუჟეტი იმდენად კომიკურია, რომ სატირიკოსის კალამს იმსახურებს; ასევე გამოვყოფდი ცნობილ ინციდენტს გავრილოვთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებულ პროცესებსა და „ქართული ოცნების“ დაპირებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მანჯავიძემ. 

სოსო მანჯავიძემ ასევე აღნიშნა, რომ სამმილიონიან ქვეყანაში ასეულობით პარტიის არსებობა არაჯანსაღი მოვლენაა და არ შეიძლება, პროპორციული სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი არსებობდეს, რადგან საქართველოში არც პოლიტიკური პარტიებია, არც თვითმმართველობა და საერთოდ, არც პოლიტიკური ინსტიტუციებია განვითარებული.

„ოცდაათი პარტია მარტო ამ ახალ გაერთიანებაშია და ეს პროცესი რამდენად ჯანსაღია, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. როგორ შეიძლება, ეს ფენომენი არსებობდეს?! ხომ აშკარად ჩანს, რომ ქვეყანაში რაღაც ჯანსაღად არ არის და რაღაც დალპა დანიის სამეფოში?! თან, ღიად ვლაპარაკობთ, რომ ოცდაათმა პარტიამ განაცხადა და ვცხოვრობთ ამ ტყუილში. ხომ ყველამ ვიცით, რომ არავითარი პარტიები არ არის და ამ პარტიებში არავითარი შიდა დემოკრატია არ არის?! განუწყვეტლივ გვყავს ერთი და იგივე ლიდერები, განუწყვეტლივ ერთსა და იმავე რეზულტატებში და განუწყვეტლივ ერთი და იმავე ვაჭრობით ისეთ საკითხებზე, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა“, – განაცხადა მანჯავიძემ.

მისივე თქმით, პროპორციული სისტემაზე გადასვლის ინიციატივა არარელევანტური გეგმა იყო და თუ ამ წინადადებას დავუბრუნდებით, რასაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სპექტრს დაჰპირდა, ვარშავის ბლოკში ერთადერთი ქვეყანა ვიქნებით, ვისაც პროპორციული სისტემა ექნება ნულოვანი ბარიერით.

„მაქვს ჩვევა, რომ რაღაცების მოდელირება გავაკეთო და გარწმუნებთ, ეს დაუბმელი საგიჟეთი იქნება. როგორ წარმოგიდგენიათ ეს ამდენი ადამიანი ბუნებრივი ბარიერით? ხომ გვქონდა ასეთი მაგალითი 1992 წელს და რა მივიღეთ?!“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.