სოსო გოგაშვილი - მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ოჯახის უსაფრთხოება დამეცვა, ამაში სახელმწიფოც მეხმარებოდა
სოსო გოგაშვილი - მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ოჯახის უსაფრთხოება დამეცვა, ამაში სახელმწიფოც მეხმარებოდა

მე ვარ ობიექტი, რომელზეც შესაძლებელია, მომხდარიყო ტერაქტი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განუცხადა.

გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის და გამოძიების შედეგებს ელოდება.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ დანაშაულებრივი გეგმა ვისაც უნდა შეემჩნია, შეამჩნია და ამისთვის დიდი მადლობა სუს-ს. მათ ჰყავდათ დაკვირვების ქვეშ ეს ადამიანი, რადგან საფრთხეს წარმოადგენდა იმ განცხადების შემდეგ, რაც საჯაროდ განახორციელდა, მუქარა იყო ეს, თუ განზრახვა. მე არ შემიმჩნევია ჩემ ირგვლივ მისი გარემოცვა. შემდეგ მითხრეს, რომ უსაფრთხოების ზომები გასაძლიერებელი იყო და რა თქმა უნდა, ყურადღებით ვიყავი და მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ოჯახის უსაფრთხოება დამეცვა, რაშიც სახელმწიფოც მეხმარებოდა“, – განაცხადა ფოგაშვილმა.

კითხვაზე, სუს-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შემდეგ, ხომ არ აქვს გამოძიების მიმართ რაიმე მოსაზრება იმ პირობებში, როდესაც არ მომხდარა მაჩალიკაშვილისთვის ბრალის წარდგენა, გოგაშვილმა განმარტა, რომ დაელოდება გამოძიების შედეგებს.

„ვერანაირ მითითებას ვერ მივცემ გამოძიებას, რადგან არ ვარ იმ სამსახურში, რომელიც მითითებას იძლევა. მე ვარ ამ შემთხვევაში ობიექტი, რომელზედაც შესაძლებელია, მომხდარიყო ტერაქტი. აქედან გამომდინარე, ველოდები გამოძიების მიმდინარეობას. ძალიან მოზომილი ვარ კომენტარში, არ მინდა, რამით ხელი შევუშალო გამოძიებას. მთავარია, ახლა მტკიცებულებები შეაგროვონ, შემდეგ გააანალიზონ. სუს-მა რაც შეძლო, მოაგროვა, ახლა პროკურატურაზეა დამოკიდებული. ალბათ მიიღებენ გადაწყვეტილებას. დაველოდები გამოძიებას“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.