სოსო გიორგაძე - მოვუწოდებ ყველას, ნუ მოიყვანთ ბავშვებს იუსტიციის სახლში
სოსო გიორგაძე - მოვუწოდებ ყველას, ნუ მოიყვანთ ბავშვებს იუსტიციის სახლში

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, შეზღუდვების პერიოდში, აუცილებლობის გამო მისვლის დროს, იუსტიციის სახლებში ბავშვებს ნუ მიიყვანენ.

იუსტიციის სამინისტრომ, იუსტიციის სახლებში, ასევე საზოგადოებრივ ცენტრებში გადაუდებელი აუცილებლობის გარდა მოქალაქეთა ვიზიტები დღეიდან ორი კვირის განმავლობში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეზღუდა.

„მოვუწოდებთ ყველას, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავეთ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ვიზიტებისგან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, მაგალითად როდესაც გჭირდებათ გარდაცვალების მოწმობა ისეთ დროს, როცა ეს საჭიროა დაკრძალვის პროცედურებისთვის, ან ბავშვის სამშობიაროდან გაყვანისთვის გჭირდებათ დაბადების მოწმობა, ან არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც მიმდინარეობს საქმის წარმოება საჯარო რეესტრში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და დადგენილია ხარვეზი, თქვენ კი, გევალებათ კონკრეტულ ვადამდე დოკუმენტის წარდგენა, ისიც მაშინ, თუ ასეთი დოკუმენტის წარდგენა არ შეგიძლიათ ელექტრონულად. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მინდა, ცალსახად მოვუწოდო ყველას, ნუ მოიყვანთ ბავშვებს იუსტიციის სახლში“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

რაც შეეხება დისტანციურ სერვისებს, მისი თქმით, სსიპ-ებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც იუსტიციის სახლი აწვდის სერვისებს, ასევე საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ დისტანციური სერვისებით ისარგებლონ.

„თუმცა ზოგიერთ მათგანს არ იყენებენ და ურჩევნიათ ადგილზე მივიდნენ. ასეთ დროს, მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ისარგებლოთ სწორედ დისტანციური სერვისებით. მოქალაქეების უკეთ ინფორმირების მიზნით დისტანციური ფორმით ხელმისაწვდომი სერვისების ჩამონათვალი გამოქვეყნდება“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

ამასთან, დღეს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ, მოუწოდა მოქალაქეებს, აუცილებლობის გარდა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებს ნუ მიაკითხავენ.