სოსო გიორგაძე - იმედია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოიძებნება ფართი, რათა მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ იმუშაოს
სოსო გიორგაძე - იმედია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოიძებნება ფართი, რათა მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ იმუშაოს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე იმედოვნებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოიძებნება ფართი, რათა მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ იმუშაოს.

ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც აბაშიშვილი აცხადებდა, რომ იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის კომისია იუსტიციის სახლიდან გამოასახლა.

სოსო გიორგაძის განცხადებით, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს პრეზიდენტმა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებით, მხოლოდ ტექნიკური ფუნქციები დაუტოვა.

ამასთან, მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილმა შეცვალა პოლიტიკა და იმ ასეულობით ადამიანს, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ცდილობდნენ, მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი განუცხადა.

„მოქალაქეობის საკითხთა კომისია საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გადავიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ეს გამოხატულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 237 -ე ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებებით. კომისიას უხელმძღვანელებს პრეზიდენტის წარმომადგენელი და უმრავლესობაშიც პრეზიდენტის წარმომადგენლები იქნებიან. ჩვენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სავარაუდოდ პრეზიდენტმა კანონსაწინააღმდეგოდ, მხოლოდ ტექნიკური ფუნქციები დაგვიტოვა და ჩვენ ამ ფუნქციას შევასრულებთ პირნათლად. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოიძებნება ფართი იმისთვის, რომ იქ კომისიამ იმუშაოს. გარდა კომისიის ადგილმდებარეობისა და შემადგენლობისა, პრეზიდენტმა შეცვალა პოლიტიკა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა ასეულობით იმ ადამინს, რომლებიც დაბადებულნი არიან საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ყოფილი მოქალაქეები არიან. იმედს ვიტოვებ, რომ მისი ეს მიდგომები შეიცვლება. კომისიის ლოკაციას და საქმიანობის წესს განსაზღვრავს ერთის მხრივ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა მთლიანად შეცვალა გადაწყვეტილების წესი და ეს გადაწყვეტილება გადავიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.