სოსო ფრუიძე - „მარიბორთან“ თამაშისას სტადიონზე ბევრ ქომაგს ველოდებით
სოსო ფრუიძე - „მარიბორთან“ თამაშისას სტადიონზე ბევრ ქომაგს ველოდებით

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის „ჩიხურა“ სლოვენიურ „მარიბორს“ დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში საჩხერელები მეტოქეს თბილისში უმასპინძლებენ.

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო ოთახში „ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი, სოსო ფრუიძე მედიას შეხვდა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„სლოვენიელების რამდენიმე თამაში ვნახეთ. მათი თამაშის შესწავლაში ფედერაციის გადმოცემული პროგრამა „ვაისკაუტი“ დაგევხმარა. „მარიბორი“ ჩვენს წინა მეტოქეზე, „ბეითარზე“ ბევრად ორგანიზებული და ძლიერი გუნდია. გამოცდილი ფეხბურთელები და ახალგაზრდა სწრაფი შემტევები ჰყავთ. იმედია, მათ წინააღმდეგ ჩვენი ტაქტიკა გაამართლებს“, – განაცხადა სოსო ფრუიძემ.

საჩხერელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, „ბეითარის“ გავლას გუნდში ეიფორია არ გამოუწვევია

„ეიფორიაზე ზედმეტია საუბარი. საქართველოსთვის სასიხარულოა „ბეითარის” დამარცხება, მაგრამ პირველი ეტაპის გავლა არაფერია. ახლა შანსია, უფრო წინ წავიწიოთ. შეგვიძლია „მარიბორთან“ მოგება, თუ მოთამაშეები დავალებებს ბოლომდე შეასრულებენ. პირველი ეტაპის გავლის შემდეგ გულშემატკივარში გახარებულია – ვფიქრობ, ამ დროს ერთიანდება ქართველი ხალხი და გასული წლებიდან მახსოვს, ჩვენს თამაშებზე ბევრი ხალხი მოვიდა. ამიტომ, ბევრ ქომაგს ველოდებით“, – განაცხადა მან.