სოსო ფხაკაძე - თუ მოგვეცემა საშუალება, რომ ბენზინის ფასი კიდევ უფრო დაბალი იყოს, ამას აუცილებლად გავაკეთებთ
სოსო ფხაკაძე - თუ მოგვეცემა საშუალება, რომ ბენზინის ფასი კიდევ უფრო დაბალი იყოს, ამას აუცილებლად გავაკეთებთ

თუ მოგვეცემა საშუალება, რომ ბენზინზე ფასი კიდევ უფრო დაბალი იყოს, ამას აუცილებლად გავაკეთებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტების საწვავის ფასებთან დაკავშირებით „ვისოლი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, სოსო ფხაკაძემ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, საქართველოში საწვავზე ფასების წარმოქმნა დამოკიდებულია ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასსა და ლარის კურსზე.

„სექტორი, რომელიც დაკავებულია ნავთობპროდუქტების იმპორტით ქვეყანაში, სრულად არის დამოკიდებული ორ ფაქტორზე ფასების წარმოქმნისას: საერთაშორისო ფასი და ლარის კურსი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღესდღეობით, ყველაზე დაბალი მარჟა გვაქვს, რაც კი გვქონია მთელი ამ 20 წლის განმავლობაში. მოგვეცემა საშუალება, რომ კიდევ უფრო დაბალი ფასი იყოს? ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

რაც შეეხება კითხვას კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევაზე, ფხაკაძე ამბობს, რომ ეს არანაირი პრობლემა არ არის.

„პრობლემა არ არი. ეს მათი საქმეა. ჩვენ მილიონ კითხვას გავცემთ პასუხს. უფრო მეტი კითხვა თუ იქნება, უფრო მეტ პასუხს გავცემთ“, – განუცხადა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს.